შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონების თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა, კიდევ ორი კი დაშავდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
უწყების ინფორმაციით, ინციდენტი გემ TEDY-ზე გუშინ მოხდა. დაშავებულები უკრაინის საპორტო ქალაქ ჩორნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ რეგიონებში გამგზავრებისა და მუშაობისგან, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია.
დრონების თავდასხმაზე პასუხისმგებელი მხარე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ დაუსახელებია.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შავ ზღვაში ორი მშრალი ტვირთის გემს დაარტყა, რომლებიც ოდესის პორტისკენ მიემართებოდნენ. რუსეთის უწყების მტკიცებით, გემებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი ტვირთი გადაჰქონდათ.
