ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროკურორმა მედეა ცირამუამ მედიასთან განცხადება გააკეთა.
პროკურორის თქმით, მოწმე დომენტი (დიტო) ჩუბინიძე არანაირ რეალურ ან საეჭვო ინფორმაციას არ ფლობს თვითმკვლელობის გარემოებებთან დაკავშირებით, ხოლო მისი საჯარო განცხადებები მხოლოდ სუბიექტურ ვარაუდებსა და შეფასებებს ეყრდნობა.
პროკურორმა აღნიშნა, რომ ჩუბინიძისა და ჯორბენაძის ურთიერთობა მხოლოდ ჟურნალისტურ ფარგლებს მოიცავდა. გამოკითხვისას მოწმემ დაადასტურა, რომ ჯორბენაძეს მისთვის ან სხვა პირებისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს და არც მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ ყოფილა ცნობილი. ბრალდების მხარის განმარტებით, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო ყველა დასახელებული პირის გამოკითხვა კანონის სრული დაცვით ხორციელდება.
