ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც კანადა შესაძლოა ევროკავშირის პირველი „ასოცირებული წევრი“ გახდეს. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სურს კანადისთვის კარის გახსნაზე იმუშაოს, რაც ძირითად საკვანძო სექტორებში მჭიდრო კავშირების დამყარებას გულისხმობს.
ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, ეს პარტნიორობა მიმართული არ არის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ საერთო ძალისხმევისა და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული სისტემის გასამყარებლად იქმნება.
აღნიშნული ინიციატივა ვაშინგტონსა და ოტავას შორის დაძაბული ურთიერთობებისა და ჩაშლილი სავაჭრო მოლაპარაკებების ფონზე გაჟღერდა. გასულ კვირას კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის სურვილი გამოთქვა. კარნი სტრასბურგში ყოველწლიურ სიტყვით გამოსვლას ესწრებოდა და დაგეგმილია, რომ ის ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით ოთხშაბათს წარდგება.
