logo
ENG



ევროკავშირი დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნების შედეგებს არ ცნობს

18 სექ 202617:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/18/0u3niuf8tk5k84m.png

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის სახელით საქართველოს  დროებით ოკუპირებულ, თვითგამოცხადებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა საფუძველზეც 2026 წლის 18 სექტემბერს ე.წ. არჩევნები ჩატარდა, შესაბამისად, მათ შედეგებს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

„ევროკავშირი მტკიცედ გმობს მოსკოვის ქმედებებს, რომელთა მიზანია რუსეთის ოფიციალური პირის დანიშვნა საქართველოს  ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის, დე ფაქტო პრეზიდენტად; გამოხატავს წუხილს 2026 წლის 9 მაისს „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის გამო და მკაცრად გმობს რუსეთის განგრძობად მცდელობებს, განამტკიცოს კონტროლი - რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სასამართლო სფეროებში სამხრეთ ოსეთის ინტეგრირების საშუალებით“, — ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიის უკანონო ანექსიისკენ მიმართულ მცდელობას, საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. ბრიუსელი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს.

 


close დახურვა