logo
ENG



21-ე სკოლის შენობაზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა: ჩატარდება სიღრმისეული ექსპერტიზა

24 სექ 202618:18
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/24/x9peti1ppebivyx.jpg

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეთა მშობლებსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა.  პედაგოგებისა და მშობლების მთავარი მოთხოვნაა, ჩატარდეს სიღრმისეული ექსპერტიზა, რომლის საბოლოო პასუხის გარეშე ისინი სკოლის შენობასთან დაკავშირებით მიღებულ არანაირ გადაწყვეტილებას არ დათანხმდებიან.

„ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სკოლის ფუნდამენტური კვლევა ჩატარდეს, ზუსტად დადგინდეს, არის თუ არა სკოლის შენობის დანგრევის საჭიროება, საკმარისი იქნება თუ არა, რომ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდეს და გამაგრდეს გარკვეული ადგილები. ამ ყველაფერს მთელი წლის განმავლობაში დააკვირდებიან და წლის ბოლოს იქნება პასუხები. ამ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბავშვები შევიდნენ შენობაში და დაიწყოს სწავლის პროცესი“, — განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.

შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა ერთ-ერთმა მშობელმაც: „ჯერ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, საბოლოოდ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ორივე მხარემ გავაჟღერეთ პოზიციები და შევჯერდით იმაზე, რომ ექსპერტიზის ბიუროს დამატებით რა კითხვებიც გაეგზავნა და რა პასუხებიც მოვიდა, იმ პასუხებზე დაყრდნობით შესაძლებელია, რომ სკოლაში გავაგრძელოთ სწავლა, ამისთვის კი მინიმალური სამუშაოები არის ჩასატარებელი სკოლის ფასადზე. ახლა მიდიან, რომ დაათვალიერონ ეს ფასადი და, შესაბამისად, უმოკლეს დროში შესაძლებელია, რომ სამუშაოების ჩატარების შემდეგ სწავლა გაგრძელდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც არის, ჩვენი მოთხოვნა, რომელიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ, ეს არის სიღრმისეული ექსპერტიზის ჩატარება, რომლის საფუძველზეც შემდეგ უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელის სკოლას, იქნება ეს რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია თუ დემონტაჟი. ამ ექსპერტიზის გარეშე ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას ვერ დავთანხმდებით“.

 


close დახურვა