დიდ ბრიტანეთში, გლოსტერშირში მდებარე ფეირფორდის სამეფო საჰაერო ძალების ბაზასთან (RAF Fairford) მომხდარი ინციდენტის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულის ეჭვით რამდენიმე პირია დაკავებული.
როგორც „გარდიანი“ წერს, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შემდეგ სოფელ უელფორდში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ევაკუაცია განხორციელდა. მოსახლეობა ახლომდებარე სპორტულ ცენტრში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურები. ტერიტორიაზე მუშაობენ გამნაღმველები, ხოლო სამხედროები რამდენიმე ავტომობილს ამოწმებენ. პოლიციის განცხადებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ადგილობრივ მოსახლეობას შეშფოთების საფუძველი არ აქვს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია.
თავდაცვის მინისტრმა უეს სტრიტინგმა საგანგებო და სპეციალიზებულ სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შემთხვევას შესაბამისი უწყებები ამუშავებენ.
ფეირფორდის სამხედრო ბაზას აშშ-ის ძალები იყენებენ. ბოლო თვეებში ბაზა საპროტესტო აქციების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მთავრობამ აშშ-ს ირანის სარაკეტო ობიექტებზე დარტყმებისთვის ბაზის გამოყენების უფლება მისცა.
ივლისში ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბრიტანეთს მოუწოდა, აშშ-ის ბომბდამშენებისთვის ბაზიდან ფრენის ნებართვა არ გაეცა.
