logo
ENG



ევროკავშირმა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

28 სექ 202615:23
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/28/r3b6ozn7qg4ww54.png

ევროკავშირმა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციისა და იძულებითი გადაყვანის, ასევე მათი რუსიფიკაციისა და იდეოლოგიური დამუშავების გამო 10 პირისა და 17 ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

სანქცირებულთა შორის არიან თათრეთის პრეზიდენტი რუსტამ მინიხანოვი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები, ბავშვთა ბანაკებისა და სკოლების ხელმძღვანელები.

შეზღუდვები შეეხო მოსკოვის ტურიზმის კომიტეტს, ბავშვთა დასვენებისა და გართობის სფეროში მოქმედ რუსულ კომპანიებს, ასევე რუსეთისა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ბავშვთა ბანაკებსა და სპორტულ ცენტრებს. სანქციების სიაში მოხვდა ჩრდილოეთ კორეაში მოქმედი საერთაშორისო ბავშვთა ბანაკი „სონგვონიც“, რომელიც რუსეთის კოორდინაციით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების გადაყვანის პროგრამებში მონაწილეობდა.

ევროკავშირის განცხადებით, აღნიშნული დაწესებულებები ბავშვების რუსულ იდენტობაში ინტეგრირებას, პრორუსული ნარატივების გავრცელებასა და სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას უწყობენ ხელს.

სანქცირებულ პირებსა და ორგანიზაციებს ევროკავშირში არსებული აქტივები გაეყინებათ. მათთვის ფინანსური სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების გადაცემა აიკრძალება. ფიზიკურ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ტრანზიტით გადაადგილებაც შეეზღუდებათ.

ევროკავშირის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინიდან 20 500-ზე მეტი ბავშვის დეპორტაცია ან იძულებით გადაყვანა საერთაშორისო სამართლისა და ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა. უწყების განცხადებით, ამ ქმედებების მიზანი უკრაინული იდენტობის წაშლა და მომავალი თაობების იდენტობის შენარჩუნებისთვის ხელის შეშლაა.


close დახურვა