როგორც 26 სექტემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, ალი მოჯანიმ (Ali Moujani) საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, თბილისში ირანის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის წმინდა გამოსახულებით განათდა. როგორც ელჩი აღნიშნავს, ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება, არამედ ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებაც დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.
ალი მოჯანი აანონსებს, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას პირველადი კვლევის შედეგებს გაუზიარებს, რომლებიც როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს ეხება. როგორც მისივე პოსტშია აღნიშნული:
„წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე. შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.
