logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: 1 ოქტომბერი - "შებრუნების" წერტილი

30 სექ 202622:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/30/8hoo2705n0fttzy.jpg

ხვალ პირველი ოქტომბერია. თოთხმეტი წლის წინ, ამ დღეს, საქართველოში ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალა. დღეს კი სულ უფრო ძნელი წარმოსადგენი ხდება, რომ ხელისუფლება იმავე გზით საკუთარ შეცვლას დაუშვებს. ამ ორ მდგომარეობას შორისაა მოქცეული "ქართული ოცნების" მმართველობის მთავარი შედეგი.

2012 წლის პირველი ოქტომბერი მნიშვნელოვანი დემოკრატიული შესაძლებლობა იყო. მოქალაქემ ხელისუფლებას უთხრა: შენს მიღწევებს ვხედავ, მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევს, ჩემი უფლებები უგულებელყო. ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებით ქვეყანას შეეძლო დაემტკიცებინა, რომ სახელმწიფო რომელიმე პარტიის და მითუმეტეს ოჯახის საკუთრება არ იყო. უზარმაზარი ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული პროგრესის მიუხედავად, საქართველოს მაშინ ბევრი რამ ჰქონდა გამოსასწორებელი. ძალაუფლების კონცენტრაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვა და, უპირველესად, ხელისუფლებაზე დამოკიდებული სასამართლო. მიღწეული პროგრესი ამ პრობლემებს ვერ გაამართლებდა - მათ მოგვარება სჭირდებოდა. მაგრამ ქვეყანას უკვე ჰქონდა მიმართულება.

ბევრი ტანჯვის, შრომის, მსხვერპლისა და მეგობრების დახმარების ფასად საქართველო საბჭოთა სივრცეს დიდი სისწრაფით შორდებოდა. დასავლეთისკენ მიდიოდა, სახელმწიფოს აშენებდა, რეგიონში ინიციატივას და ლიდერის როლს იმკვიდრებდა. მერიტოკრატიული, ანუ ნიჭსა და შრომაზე დამოკიდებული სოციალური ლიფტი ამუშავდა - სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდებოდა შესაძლებლობა, წინ საკუთარი ცოდნითა და შრომით წასულიყო.

პირველ ოქტომბერს ამ გზაზე უკეთესად სიარულის შესაძლებლობა უნდა გაეჩინა. მხოლოდ ფორმალობისთვის აღვნიშნავ: ჩემთვის მაშინვე ნათელი იყო, საით წაგვიყვანდა ივანიშვილის შეუზღუდავი მმართველობა და ყველა საჯარო ტრიბუნას საზოგადოების გასაფრთხილებლად ვიყენებდი. თოთხმეტი წლის გადასახედიდან კი ამ ფაქტს მხოლოდ კონსტატაცია სჭირდება - პირველი ოქტომბერი საქართველოსთვის არა ხარვეზების გამოსწორების, წინსვლის, არამედ უკან შებრუნების წერტილად იქცა. დამოუკიდებელი სასამართლოს ნაცვლად მივიღეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების და მასობრივი რეპრესიის ინსტრუმენტი; კონკურენციის ნაცვლად - ძალაუფლების სრული მონოპოლია; დასავლეთთან დაახლოების ნაცვლად - მეგობრებთან უკიდურესი დაპირისპირება და ამ ფონზე რუსეთისა და სხვა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმებისკენ შებრუნება.

"ოცნებას" მთავარ, ფაქტობრივად ერთადერთ დამსახურებად ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების არარსებობა მოჰყავს. ეს უდავოდ დადებითი ფაქტია. მაგრამ ეს არ არის მისი ექსკლუზიური მიღწევა - ომი არც მოლდოვაშია - რუსეთის სამხედრო ყოფნისა და საომარ ზონასთან უშუალო სიახლოვის მიუხედავად. ამასთან მოლდოვა მალე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება.

საქართველო კი რუსული ჰიბრიდული ომის საექსპერიმენტო პოლიგონადაა გადაქცეული - შედეგად ევროკავშირის მიერ ქართველებისთვის გაღებულ კარს ჩვენივე ხელით ვკეტავთ, ხოლო ქართულენოვანი რუსული პროპაგანდით და ტროლებად გადაქცეული მაღალჩინოსნების უწყვეტი დემაგოგიით მტერმოყვარე ისე გვაქვს არეული, რომ თემურლენგის მემორიალს გვირგვინით ვამკობთ, დიდგორობა დღეს ანკარას ვსტუმრობთ, შაჰაბასობას ვზეიმობთ და დიდმოწამე ქეთევანის სულს ირანის ელჩის მფარველობას ვთხოვთ... თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების დასუსტება, მოკავშირეების ჩამოშორება და მტერი სახელმწიფოს გავლენის ქვეშ მოქცევა მშვიდობის შესანარჩუნებელ აუცილებელ ხარკად ვერ მიიღება.

თავისუფლების დაკარგვა მშვიდობის საფასური ვერ იქნება. ჩვენი ხალხის მიზანი თავისუფალი და მშვიდობიანი საქართველოა.რჩება ეკონომიკური ზრდის ციფრებით ტრაბახი. ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია: მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ იმ არაჯანსაღი მოდელის შედეგია, რომელიც სხვის ომზე, უცხოეთიდან გამოგზავნილ ფულსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე პარაზიტირებს. ამ ფაქტორებით მიღებული შემოსავალი გარანტირებული არ არის - ომით შეცვლილი ნაკადებიც და ჩვენი გეოგრაფიის ეკონომიკური მნიშვნელობაც შეიძლება შეიცვალოს. ამასთან ქვეყანაში მართლა დიდი ფული ტრიალებს, მაგრამ ის მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული კლანებისთვის ქონებად და გავლენად ილექება; მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის კი - გაძვირებულ პროდუქტად, საწვავად, ქირად, კომუნალურ გადასახადებად, განათლებად და ჯანდაცვად იქცა.

ამ მმართველობის შედეგი ყველაზე დრამატულად აეროპორტშიც ჩანს: როცა ადამიანი დროებით საშოვარზე კი აღარ მიდის, ოჯახი მიჰყავს და შვილების მომავალსაც სხვაგან გეგმავს. ხვალ ხელისუფლება თავისი გამარჯვების წლისთავს აღნიშნავს. მე კი იმ დაკარგულ შესაძლებლობას გავიხსენებ, როცა ხელისუფლების შეცვლას უკეთესი საქართველო უნდა მოეტანა და ქვეყნის წარსულში, უკან შებრუნება მოგვიტანა. მოქალაქემ ხელისუფლების შეცვლას მისცა ხმა. ქვეყნის მომავლის მითვისების უფლება ივანიშვილისთვის არავის მიუცია!

ამით მინდოდა დღევანდელი ედიტორიალის დასრულება. მაგრამ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, როცა რუსეთის მოქალაქემ შენობის აივნიდან ხალხს გადმოაშარდა, კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვა. ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ივანიშვილის პირველივე განცხადებებს - განსაკუთრებით, ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების შესახებ - 2012 წლის 1 ოქტომბერს კი არა, ჯერ კიდევ 2011 წელს გამოქვეყნებულ მიმართვებში ასდიოდა რუსული შარდის... კი არადა, რუსული ინტერესებისა და მიზნების მძაფრი, მყრალი სუნი. სამწუხაროდ, მაშინ ნაცების მოყირჭებისა და ცვლილებების მოლოდინის გარდა, ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი მედასავლეთეების "დეზოდორანტმაც" იმოქმედა.

პოლიტიკური ავანტიურიზმისა და ავტორიტარული მახასიათებლების სრულიად ღია ნიშნების შემჩნევის დიდი სურვილი არც იმ ადამიანებს ეტყობოდათ, რომლებსაც სახელმწიფოსა და სამშობლოს ინტერესებისთვის აშკარა საფრთხე წესით უნდა დაენახათ. პირველი ოქტომბრის შედეგებზე ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს.

უპირველესად - მას, ვინც ხალხი მოატყუა და უკეთესი, ევროპული საქართველოს ლოზუნგით ქვეყანას რუსეთის ჩამორჩენილი უკანა ეზოსკენ მიათრევს. მასაც, ვისი მმართველობის დროსაც შეიქმნა წინაპირობები იმისთვის, რომ პოლიტიკურ ჰორიზონტზე უკეთესი ალტერნატივა უბრალოდ აღარ გამოჩენილიყო. მათაც, ვინც მაშინ ბიძინას გვერდით იდგა და დღეს უკვე ოპოზიციაშია, მაგრამ თავის დროზე არც საკმარისი შორსმჭვრეტელობა აღმოაჩნდა და არც პოლიტიკური რესურსი, რომ ივანიშვილის ხელში ძალაუფლების სრულ კონცენტრაციას წინ აღდგომოდა. და ჩვენც - ვინც ანგარიშგასაწევ მესამე ძალად ჩამოყალიბება ვერ შევძელით და თავიდანვე გამოცხადებულ "შუის გაკრეფის" სტრატეგიას ვემსხვერპლეთ.

ვისურვებდი, ამ თოთხმეტი წლის შედეგებზე საუბრისას ყველას საკუთარი წილი პასუხისმგებლობაც გვქონდეს გააზრებული და შესაბამისი დასკვნებიც გამოტანილი... მაგრამ, როგორც ვაკვირდები, ეს ჩემი სურვილი მხოლოდ სურვილად რჩება.


close დახურვა