დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც 31 ზომას მოიცავს. სანქციების სამიზნეებს შორის არიან უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წამებაში ჩართული პირები, რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები და კრემლის დეზინფორმაციულ ქსელებთან დაკავშირებული ადამიანები.
ახალი სანქციების სიაში საქართველოს ოთხი მოქალაქეც მოხვდა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ისინი პროკრემლისტური დეზინფორმაციის გავრცელებაში არიან ჩართული.
ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ: მამუკა ფიფია, ნიკოლოზ მჟავანაძე, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე.
"დღევანდელი პაკეტი მოიცავს შვიდ ფიზიკურ პირს, მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს, რომლებიც კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ, დაწყებული რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაციით და დამთავრებული ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებაში მსახურებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.
