logo
ENG



პენიტენციური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ დემონსტრაციულად გადაყპალა გაურკვეველი მცირე საგანი

04 ოქტ 202622:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/04/6dfd6di4edpag9g.png

პენიტენციური სამსახური პატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ დღეს, 21:12 საათზე მან პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.

მათივე თქმით, პატიმარს შესთავაზეს კლინიკაში გადაყვანა, თუმცა მან კატეგორიული უარი განაცხადა.

"2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს. გიორგი  დავითაძის ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.

მოგვიანებით, პენიტენციურმა გაავრცელა გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები. პენიტენციური ირწმუნება, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება-დათვალიერებას, რაზეც "მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა". სწორედ ამიტომ, "დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით".


close დახურვა