ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო ყურადღებით აკვირდება რუსეთის ირკუტსკის ოლქში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, მას შემდეგ, რაც განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების სავარაუდო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ყაზახეთში პრევენციული ზომები ამოქმედდა, მათ შორის სანიტარული და საკარანტინო კონტროლი სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქაქლაქეებს, რომ მოგზაურობის შემდეგ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს და სამედიცინო პერსონალს აცნობონ, სად და როდის იმყოფებოდნენ.
მედიის ინფორმაციით, საზღვარზე ჯანდაცვის კუთხით უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ყირგიზეთმა და უზბეკეთმაც.
ამავდროულად, რუსეთის სპეციალისტები ეპიდემიოლოგიურ მოკვლევას ატარებენ. საბოლოო დიაგნოზი ჯერ დადასტურებული არ არის.
ცნობისთვის, ირკუტსკის შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტის ლაბორანტმა, 28 წლის დარია შიპილოვამ მუშაობისას ფილტვის შავი ჭირის ბაქტერიის შემცველი სინჯარა შემთხვევით გატეხა. მომხდარიდან მალევე მძიმედ დაავადდა და 2 ოქტომბერს, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზედამხედველობის სამსახურმა, ლაბორატორიული ავარიის ფაქტი უარყო და პაციენტის გარდაცვალების მიზეზად დაუდგენელი წარმომავლობის პნევმონია დაასახელა.
ოფიციალური უარყოფის მიუხედავად ხელისუფლებამ საავადმყოფოებში მკაცრი შეზღუდვები დააწესა და გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი სამედიცინო იზოლაციაში მოაქცია.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ვითარებაზე დაკვირვება დაიწყო და მოსკოვს ზუსტი მონაცემების დაუყოვნებლივ და ღიად გაზიარებისკენ მოუწოდეს. როგორც ირკვევა, თეთრი სახლი პროცესებს აქტიურად აკვირდება და მოსკოვის მიერ შემოღებული საკარანტინო ზომების ეფექტურობას სწავლობს.
შავი ჭირი ბაქტერიით განპირობებული დაავადებაა, რომელიც ადამიანებს ინფიცირებული ცხოველებისგან გადაეცემათ. ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელ ბაქტერიულ ინფექციად ითვლება.
