სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ „საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველმა“ გაავრცელა, რის შემდეგაც უწყების პრესსამსახურმა საქმის მიმდინარეობა დაადასტურა.
ამ ეტაპზე საგამოძიებო სამსახურში არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, რას უკავშირდება საქმე ან ფიგურირებს თუ არა მასში „საქართველოს ფოსტის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.
7 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე „საქართველოს ფოსტაში“ განხორციელებულ ცვლილებებსა და რეფორმებზე ,,ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიიდან შუამავალ ორგანიზაციებში გატანილი სერვისები უკვე უკან დააბრუნეს.
„ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
