ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილის განცხადებით, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გლდანის ციხის საკანში მისი შვილის, გიორგი ფეიქრიშვილის საცემად ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და სხვები არიან შესული.
როგორც ფეიქრიშვილების დედა "ინტერპრესნიუსთან" ამბობს, ეს ინფორმაცია იმავე წყარომ მიაწოდა, რომელმაც მანამდე მისი მეორე შვილის, დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ შეატყობინა.
"გზაში ვართ, გლდანისკენ მივდივართ. წყარომ, რომელმაც წინა შემთხვევაზე მოგვაწოდა ინფორმაცია, ზუსტად იმავე წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, ახლაც, გვითხრეს, რომ სასწრაფოდ მიხედეთ გიორგის, შესულები არიან უკვე საკანშიო. ვატო ყიფიანიაო შესული. ასე მითხრეს, „სასტავი“ არის შესულიო... არ მომიკლან, მეორე შვილი არ მომიკლან", - თქვა ნინო აბრამიშვილმა "ინტერპრესნიუსთან"
რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილს, ის ამ დრომდე კლინიკა "ვივამედში" იმყოფება.
პენიტენციურ სამსახურში "ფორმულას" უთხრეს რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო, 24-საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მასთან არ შესულა ვატო ყიფიანი. პრესსამსახურის თქმით, თუ ოჯახს სურვილი ექნება ადვოკატს შეუძლია შევიდეს ციხეში და მოინახულოს პატიმარი.
