logo
ENG



უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

27 ოქტ 202611:49
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/27/7d5d7k37rzsqzqr.png

ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ოლეშკიში ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდა. ცეცხლის შეწყვეტა ძალაში დილის 3 საათიდან იმ ტერიტორიებზე შევიდა, სადაც ჰუმანიტარული ოპერაცია ტარდება. 

"უკრაინა ასრულებს მიღწეულ შეთანხმებებს"- განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა, რომელიც მისიის ზონაში გაემგზავრა.

ცეცხლის შეწყვეტა დაადასტურა რუსულმა მხარემაც.

"ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტის, ოლეშკის მიდამოებში ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარებისთვის მზადებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით ცეცხლი შეწყვიტეს",  - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

ჰუმანიტარული ოპერაცია ითვალისწინებს ოკუპირებულ ოლეშკიში დახმარების მიწოდებას და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციას. ქალაქში ვითარება კატასტროფულია, მოსახლეობა ორი წელია გარესამყაროს მოწყვეტილია და არ მიეწოდება სურსათი.

გასულ კვირას უკრაინამ ოლეშკის მოსახლეობას 4 ტონა დახმარება დრონებით მიაწოდა.

რუსეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარულ ზავზე შეთანხმების შესახებ რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, შუამავალი შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი იყო. 

მანამდე, რომის პაპი, ლეო XIV ესაუბრა რუსეთის  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ოლეშკიში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და იქ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მოსახლეობისთვის დახმარება. 


close დახურვა