ოთხი თვითმფრინავი რომლის ბორტებზეც ოკუპირებული ოლეშკიდან ევაკუირებული უკრაინის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ბელარუსის ქალაქ გომელში დაეშვა.
უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას ინფორმაციით, ევაკუირებულები უკრაინულ დელეგაციასთან ერთად სამშობლოში ავტობუსებით, რამდენიმე საათში დაბრუნდებიან.
ჰუმანიტარული ოპერაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლეშკში შეერთებული შტატების პირველი ლედის შუამავლობით მიმდინარეობს. ევაკუაციის პარალელურად ადგილობრივ მოსახლეობას საკვები და მედიკამენტებიც ჩაუტანეს.
ქალაქი ოლეშკი რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის ფრონტის ხაზთან მდებარეობს.
ქალაქში საკვების მიწოდება ვერ ხერხდებოდა, ხოლო რუსული არმია მოსახლეობას ქალაქიდან ევაკუაციის შესაძლებლობას არ აძლევდა.
