logo
ENG



რუსული დიზელით დატვირთული 13 ტანკერი აშშ-ისკენ მიემართებ

04 ნოე 202618:39
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/04/ogtueyyg189ktpn.jpeg

რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ტანკერების ნაწილი შეერთებული შტატებისკენ მიემართება. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ამერიკის მიმართულებით, სავარაუდოდ, სულ მცირე ცხრა გემი გადაადგილდება, რომელთა ბორტზეც ჯამურად 300 ათას ტონაზე მეტი დიზელის საწვავია განთავსებული. ამასთან, სხვადასხვა სადამკვირვებლო ჯგუფის შეფასებით, აშშ-ისკენ მიმავალი რუსული საწვავის გადამზიდავი ტანკერების რაოდენობა შესაძლოა 13-ს აღწევდეს.

უკრაინული წყაროების ცნობით, რამდენიმე გემმა დანიშნულების ადგილად აშშ მიუთითა. მათ შორისაა ბერძნული ტანკერი Athina M, რომლის ამერიკისკენ გადაადგილებაც სავარაუდოა. ტანკერების ნაწილი ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, რადგან ისინი რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში მოიაზრებიან.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გემები Leruo, Primorye, Manta და Feliks, რომლებსაც ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვები ეხება. მიუხედავად ამისა, რუსული საწვავის საერთაშორისო ბაზარზე გატანის საკითხი კვლავ აქტუალური რჩება.

რუსული დიზელის ექსპორტის შესაძლო გააქტიურებას საფუძველი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ 9 ოქტომბერს გაცემულმა დროებითმა ზოგადმა ლიცენზიამ შეუქმნა. გადაწყვეტილება რუსული საწვავის მსოფლიო ბაზრებზე რეალიზაციის გარკვეულ ოპერაციებს შეეხო და საწვავის ფასების შემცირებისკენ მიმართულ ნაბიჯად იყო წარმოდგენილი.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ რუსეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად შესაძლებელი გახდებოდა მილიონობით ტონა საწვავის ამერიკულ ბაზარზე მიწოდება. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ვაშინგტონში ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა არ მოჰყოლია.

რუსული დიზელის შესაძლო იმპორტს განსაკუთრებით ეწინააღმდეგება ნიუ-ჯერსის გუბერნატორი მიკი შერილი. მისი განცხადებით, რუსული საწვავის მიღება შესაძლოა ფედერალურ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდეს. გუბერნატორმა პორტებისა და ტერმინალების თანამშრომლები გააფრთხილა და აღნიშნა, რომ ნიუ-ჯერსის პორტებში ასეთი ტვირთის მიღების თავიდან ასაცილებლად სამართლებრივი ზომების გამოყენებას აპირებს.

კრიტიკა ისმის კონგრესშიც. დემოკრატი სენატორებისა და რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებლის შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსული საწვავის იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება შესაძლოა მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდეს. თეთრი სახლი კი გადაწყვეტილებას ამერიკელი მომხმარებლებისთვის საწვავის ფასის შემცირების მცდელობით ხსნის.

ამასთან, ენერგეტიკის სფეროს არაერთი ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს, რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსული დიზელის იმპორტს ამერიკულ ბაზარზე. მათი შეფასებით, დაგეგმილი შესყიდვების მოცულობა შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს საწვავის ფასებზე არსებითი გავლენის მოსახდენად.

რუსული საწვავის საკითხი აშშ-ში განსაკუთრებით მწვავე პოლიტიკური დისკუსიის ფონზე განიხილება. ენერგომატარებლების გაძვირება და ირანთან ომით გამოწვეული ეკონომიკური შედეგები ამერიკული ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.


close დახურვა