logo
ENG



ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებენ

07 ნოე 202610:26
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/07/2kxrmtmysx0utyh.png

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებს აფასებენ.

ორგანიზაციების შეფასებით, ცვლილებები გამოიწვევს ნაკლებად გადამოწმებად საარჩევნო შედეგებს, შეზღუდულ სასამართლო კონტროლს და კიდევ უფრო ცენტრალიზებულ საარჩევნო ადმინისტრირებას.

აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა კანონპროექტის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ცესკოს მიერ შედგენილი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ მექანიკური/ტექნიკური შეცდომების გამოსწორების მიზნით. ამგვარი შეზღუდვა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ეტაპზე გამორიცხავს სისტემური დარღვევებისა და არჩევნების შედეგებზე მათი ერთობლივი გავლენის შესახებ დავას.

ორგანიზაციების თქმით, წარმოდგენილი ინიციატივა უნდა შეფასდეს ბოლო წლებში დამკვიდრებული პერსონიფიცირებული კანონშემოქმედებისა და რეპრესიული პრაქტიკის კონტექსტში, როდესაც სამართლებრივი წესები სულ უფრო მეტად ერგება მმართველი ჯგუფის ინტერესებს, ხოლო საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები თანმიმდევრულად სუსტდება.

"როგორც კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ჩანს, ინიციატივის მომზადებას წინ არ უძღოდა საჯარო დისკუსია ან წინასწარი კონსულტაციები ჩართულ მხარეებთან, მათ შორის, არც საარჩევნო ადმინისტრაციასთან. ფართო პროფესიული და საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტური გადასინჯვა „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო წლებში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას წარმოადგენს. ეს ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის საარჩევნო სტანდარტებს, რომელთა მიხედვითაც, საარჩევნო რეფორმები უნდა ეფუძნებოდეს ღიაობას, პროგნოზირებადობასა და ინკლუზიურ დიალოგს", - ნათქვამია შეფასებაში

"ქართულ ოცნებას" საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტი საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებებს, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის წესს, არჩევნების შედეგების შეჯამებისა და გასაჩივრების პროცედურებს ცვლის.


close დახურვა