უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსებმა FPV ტიპის დრონით შეუტიეს კომიშუვახას, სადაც შვიდი დღეა გრძელდება სამაშველო ოპერაციები საავიაციო ბომბის დარტყმის შემდეგ, რასაც 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ზელენსკის თქმით, სამწუხაროდ, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ ადამიანები. "ეს სრული სისასტიკეა", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის ცნობით, ღამით განხორციელდა თავდასხმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე - რუსებმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს, რის შედეგადაც დნიპროსა და მის მიმდებარე რეგიონში 600 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მისი თქმით, რთული ვითარებაა ხარკოვის ოლქშიც.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინა ელის ევროკავშირის სანქციების ძლიერ, 22-ე პაკეტს.
"ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება არის შეფერხებული. მხოლოდ ჟიტომირის ოლქში, რუსეთის დარტყმის შედეგად, 140 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი გათბობის გარეშე დარჩა.
დაზიანებების აღმოსაფხვრელად სარემონტო სამუშაოები პრაქტიკულად ყველა დაზარალებულ ქალაქსა და დასახლებაში მიმდინარეობს. მადლობას ვუხდი ენერგეტიკოსებს, კომუნალური სამსახურების თანამშრომლებსა და ყველა სარემონტო ჯგუფს, რომლებიც ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობას წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდება აღუდგინონ.
მხოლოდ გასული ერთი კვირის განმავლობაში რუსეთმა ჩვენი ქალაქებისა და დასახლებების წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 115 რაკეტა, თითქმის 1 900 მართვადი საავიაციო ბომბი და 3 000-ზე მეტი მოიერიშე დრონი გაუშვა.
ეს იყო კომბინირებული დარტყმები, რომელთა დროსაც მრავალი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი კი მიმდინარე წელს არის წარმოებული.
ჩვენ მუდმივად ვაწვდით პარტნიორებს ინფორმაციას იმ რუსული საწარმოების შესახებ, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში მონაწილეობენ. ოქტომბერში უკრაინამ ამ საქმიანობაში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვანი პაკეტები დააწესა.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს სანქციები კოორდინირებული იყოს ევროპისა და "დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნების იურისდიქციებში.
თუ მსოფლიოს არ გააჩნია საკმარისი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები უკრაინის ცის დასაცავად, მაშინ რაკეტები წარმოების ხაზებზევე უნდა შევაჩეროთ.
მადლობა ყველა პარტნიორს, რომელიც რეალურად გვეხმარება", - წერს ზელენსკი.
