პენიტენციურ სისტემაში გახმაურებული საქმის ფარგლებში ბრალდებულებს პატიმრობის ადგილები შეუცვალეს. არსებული ინფორმაციით, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები გლდანის მე-8 დაწესებულების სხვა ნაწილში, ყოფილ ე.წ. მატროსოვის ციხეში არიან გადაყვანილი, ხოლო ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი („კაწრო“) ქსნის მე-10 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს.
სწორედ ქსნის ციხეში გააცნეს სამართალდამცველებმა მათ ახალი ბრალის დადგენილება, რომელიც დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტს ეხება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა. მათ შორის არიან როგორც პატიმრები, ისე პენიტენციური სისტემის ყოფილი მაღალჩინოსნები.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობის მითითებითა და „პენიტენციური კოდექსის“ უხეში დარღვევით, აღნიშნული პირები დავით ფეიქრიშვილის საკანში მიზანმიმართულად შეასახლეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, 2026 წლის 16-დან 20 ოქტომბრამდე პერიოდში, ახლად დასახლებულმა პირებმა დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფური ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. ცემის შედეგად დაზარალებულმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. კერძოდ, სამედიცინო შემოწმებით დაფიქსირდა 4 ნეკნის მოტეხილობა, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა.
გამოძიების შეფასებით, აღნიშნული დაზიანებები ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხს მიეკუთვნება და ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით ხასიათდება. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
