logo
ENG



კვლევა: თბილისში ყველაზე იაფ უბანშიც კი ბინის იპოთეკა ოჯახების 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი

18 ნოე 202613:04
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/18/alsrpclbmkfi0ef.png

„პროგრესული ფორუმის“ კვლევითი ცენტრის კვლევის თანახმად, თბილისში ყველაზე იაფ უბანშიც კი, სამგორში, 55 კვადრატული მეტრის ბინის იპოთეკით შეძენა საქართველოში მცხოვრები ოჯახების მხოლოდ 5%-ს შეუძლია, იმავე ბინის ქირაობა კი ოჯახების 90%-ისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

კვლევის მიხედვით, სამგორში 55 კვადრატული მეტრის ბინის იპოთეკური შენატანისთვის ოჯახს თვეში მინიმუმ 6 732 ლარის შემოსავალი სჭირდება. ამასთან, ოჯახების 60%-ისთვის იპოთეკის ყოველთვიური შენატანი მთლიან თვიურ შემოსავალსაც კი აღემატება, ხოლო 85% ბინის შესაძენად იპოთეკურ სესხს ვერ აიღებს.

ვაკეში ბინის იპოთეკით შეძენა ოჯახების მხოლოდ 3%-ისთვისაა ხელმისაწვდომი, რაც მაქსიმუმ 36 000 ოჯახს შეადგენს.

კვლევის თანახმად, მედიანური შემოსავლის მქონე ოჯახს, თუ ყოველთვიური შემოსავლის 30%-ს დაზოგავს, სამგორში ბინის შესაძენად საჭირო 20%-იანი პირველადი შენატანის დასაგროვებლად 5.5 წელი დასჭირდება. ამის შემდეგ კი იპოთეკური შენატანი ოჯახის შემოსავლის 97%-ს წაიღებს. მედიანური შემოსავლის ოჯახს სამგორში მხოლოდ 14.2 კვადრატული მეტრი ბინის იპოთეკით შეძენა შეუძლია.

რაც შეეხება ქირას, კვლევის მიხედვით, ოჯახების 90%-ისთვის ყველაზე იაფ უბანში 55 კვადრატული მეტრის ბინის დაქირავებაც კი ხელმისაწვდომი არ არის. ოჯახების 30%-ის შემოსავალი ამავე ბინის ქირაზე ნაკლებია.

მედიანური შემოსავლის მქონე ოჯახს ქირის გადახდის შემდეგ თვეში 490 ლარი რჩება, ხოლო მხოლოდ საქსტატის მონაცემებით გაანგარიშების შემთხვევაში - 412 ლარი. კვლევის ავტორების შეფასებით, ეს ორი ადამიანის მინიმალურ სასურსათო კალათაზე ნაკლებია.

დაბალშემოსავლიან ოჯახს კი გლდანსა და სამგორში 35 კვადრატული მეტრის სტუდიოს დაქირავების შემდეგ თვეში მაქსიმუმ 339 ლარი რჩება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2022-2025 წლებში თბილისში საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობა პრაქტიკულად არ შეცვლილა.

კვლევის ავტორების განმარტებით, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა მხოლოდ თბილისის საკითხი არ არის, რადგან დედაქალაქი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 53%-ს ქმნის და დაქირავებით დასაქმებულთა თითქმის 40% თბილისში მუშაობს. 2024 წლის აღწერის მიხედვით კი, თბილისიდან გასულ ყოველ ერთ ადამიანზე ქალაქში 5.6 ადამიანი შემოდიოდა.

კვლევა „პროგრესული ფორუმის“ კვლევითმა ცენტრმა 2026 წელს მოამზადა. სრული კვლევა, მეთოდოლოგია და რეკომენდაციები ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებგვერდზე.


close დახურვა