კასპის წმინდა გიორგის ტაძრის და ე.წ საზღვრისპირა სოფლების ღვთისმსახური, მღვდელი ლევან ჯიქური წერს, რომ საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს.
სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ საზღვრისპირა სოფლებში არ არის არანაირი შემოსავლის წყარო და გაუგებარია რატომ უხსნიან ადამიანებს სოციალურ დახმარებას, როდესაც მათი საცხოვრებელი სახლები ნგრევის პირასაა.
"ახლა ვნახე ჩვენი სტუდენტი გოგო, ერთი თვის გზის ფული მივეცი და პლუს ხანდახან რომ ყავასა და ნამცხვარზე შევიდეს. მიხაროდა ძალიან და ღიმილი პირზე შემაშრა. მამამისი მეუბნება, სოციალური მოგვიხსნესო.
კარგით რა, ხალხო, კარგით რა, მართლა სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი. ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს, არ არის არანაირი შემოსავლის წყარო, სარწყავი წყალიც კი არ მოდის, რომ რამე მოიყვანონ.
გასაგებია, რომ ითხოვს კანონი, უნდა გადაამოწმო, რომ მიხვალ და შეხედავ სახლს და დანგრევაზეა, რაღად უნდა შესვლა შიგნით, რა, ლიფტს გააკეთებდნენ თუ აუზს?!", - წერს მამა ლევანი.
