logo
ENG



რამზან კადიროვის 19 წლის ვაჟს სერბეთის მოქალაქეობა მიენიჭა

24 ნოე 202620:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/24/7k40mngatn0suac.jpg

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 19 წლის ვაჟმა სერბეთის მოქალაქეობა მიიღო, რაც მას ევროპის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული „ანტიკორუფციული ფონდი“ ავრცელებს.

ფონდის გამოძიების მიხედვით, კადიროვის ვაჟს სერბეთის მოქალაქეობა 2025 წლის 10 ივლისის სამთავრობო გადაწყვეტილებით, ალი რამზანის ძე მუსაევის სახელზე მიენიჭა. სერბეთის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ მუსაევი 2006 წლის 14 დეკემბერს რუსეთის ქალაქ ცენტროიში დაიბადა, ფლობს რუსეთის მოქალაქეობას და მამის სახელად რამზანი უწერია. „ანტიკორუფციული ფონდის“ ცნობით, გვარის გარდა ყველა მონაცემი ალი კადიროვისას ემთხვევა.

როგორც გამოცემა „სააგენტო“ წერს, სერბეთის მოქალაქეობის მიღებამდე, 2024 წლის დეკემბერში, ალი კადიროვმა ჩეჩნეთის რეესტრის მეშვეობით გვარი ოფიციალურად შეიცვალა. „ანტიკორუფციული ფონდის“ ინფორმაციით, მუსაევის გვარით მან ასზე მეტჯერ იმოგზაურა საზღვარგარეთ, თითქმის ყოველთვის კერძო თვითმფრინავით და უმეტესად დუბაიში. ფონდის ცნობით, მუსაევის გვარით მოგზაურობენ კადიროვის ოჯახის სხვა წევრებიც  ორი ვაჟი (ადამი და ახმატი), ქალიშვილი ტაბარიკი და მეუღლე მედნი.


close დახურვა