პუტინის რუსეთში ავტორიტარიზმის ერთ-ერთ მთავარ საფარველს „სუვერენული დემოკრატია“ ჰქვია.
ამ ფორმულაში „სუვერენული“ - ხალხის სუვერენიტეტს არ ნიშნავს. ნიშნავს ხელისუფლების თავისუფლებას დემოკრატიული ვალდებულებებისგან: რეალური საარჩევნო კონკურენციისგან, დამოუკიდებელი ინსტიტუტებისგან, ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებების დაცვისგან. ყველაფერი, რაც ერთპიროვნულ ძალაუფლებას ზღუდავს, გარედან თავს მოხვეულ ჩარევად ცხადდება.
სწორედ ამ მოდელზე გადააწყო ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკის პროპაგანდისტული ღერძიც. ხელისუფლებისთვის სუვერენიტეტის მთავარ ნიშნად უკვე არა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლება, არამედ ევროპასთან დაპირისპირება იქცა.
რაც მეტად ემიჯნება საქართველო ევროპას, მით უფრო „სუვერენულად“ აცხადებს თავს ხელისუფლება. რაც ნაკლებ დემოკრატიულ ვალდებულებას ასრულებს, მით უფრო ხშირად გვიმტკიცებს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში, წესით, მთავარ კითხვაზე უნდა გვპასუხობდეს: იცავს სუსი საქართველოს სუვერენიტეტს, თუ ივანიშვილისეულ „სუვერენულ დემოკრატიას“ - ანუ ერთი ადამიანის შეუზღუდავ ძალაუფლებას?
მაგრამ ვიდრე ანგარიშის შინაარსზე ვილაპარაკებთ, თავად სამსახურს შევხედოთ: 2025 წელს სუს-მა სამი ხელმძღვანელი გამოიცვალა. გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც უწყებას თითქმის ექვსი წელი მართავდა, დღეს კორუფციის ბრალდებით პატიმრობაშია. მისმა შემცვლელმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობაზე ხუთი თვეც ვერ გაძლო. შემდეგ მოვიდა მამუკა მდინარაძე, რომელმაც სამსახური რამდენიმე თვეში დატოვა. ამის შემდეგ სუს-ს გეკა გელაძე ჩაუდგა სათავეში, ისიც ხუთ თვეზე ნაკლებ დროში წავიდა და ახლა უწყებას წელიწადნახევარში მეხუთე ხელმძღვანელი ჰყავს. მაშინ, როცა სუს-ის უფროსს პარლამენტი ექვსი წლით ირჩევს.
სპეცსამსახურში ხელმძღვანელობის ასეთი სისწრაფით ცვლა უბრალო საკადრო დინამიკა არ არის. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დახურულ და მნიშვნელოვან ინსტიტუტში შეაღწია ყველაფერმა, რისგანაც თავად უნდა იცავდეს სახელმწიფოს: კორუფციამ, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და მმართველ პარტიაში მიმდინარე კლანურმა დაპირისპირებამ.
სპეცსამსახურს სჭირდება ინსტიტუციური მეხსიერება, უწყვეტობა და პროფესიული დამოუკიდებლობა. ჩვენ კი მივიღეთ უწყება, რომლის ხელმძღვანელებიც ან ციხეში ხვდებიან, ან რამდენიმე თვეში სხვა თანამდებობაზე გადაჰყავთ, ან პოლიტიკური საჭიროების შესაბამისად იცვლებიან. ეს ხდება მაშინ, როდესაც უსაფრთხოების გარემო არა უბრალოდ რთულდება - თვისებრივად იცვლება.
რუსეთის სპეცსამსახურები ევროპაში სულ უფრო ხშირად იყენებენ იაფად და სწრაფად რეკრუტირებულ ადამიანებს: თვალთვალისთვის, სამხედრო ობიექტების გადასაღებად, დივერსიისთვის და მკვლელობისთვისაც. ამ ქსელებში საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ხშირად ჩანან.
ბოლო ასეთი ფაქტი პოლონეთში რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსი რუსი არტისტის მკვლელობის საქმეზე ორი საქართველოს მოქალაქის დაკავებაა: ერთს მკვლელობა, მეორეს კი მკვლელობაში დახმარება ედება ბრალად.
ეს შემთხვევები ერთ მთლიან სურათს ქმნის: საქართველო უცხოური სპეცსამსახურებისთვის მხოლოდ ინტერესის ობიექტი აღარ არის. ჩნდება საფრთხე, რომ ჩვენი ტერიტორია, მოქალაქეები და კრიმინალური კავშირები მათი ოპერაციების ერთგვარ სარეკრუტო და ლოგისტიკურ ბაზადაა გადაქცეული.
და რას გვპასუხობს ამაზე სუს-ის ანგარიში?
უწყება წერს, რომ 2025 წელს კონტრდაზვერვამ უცხო სახელმწიფოთა სპეცსამსახურების ინტერესთან დაკავშირებული 15 შემთხვევა გამოავლინა. მაგრამ საზოგადოებას არ ეუბნება, რომელი სახელმწიფოები მოქმედებდნენ საქართველოში, რა ამოცანები ჰქონდათ, რას ნიშნავდა ეს 15 შემთხვევა და რამდენი მათგანი დასრულდა სამართლებრივი შედეგით.
ანგარიშში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებზე ბევრია ნათქვამი, მაგრამ ამ ქვეყნებს სახელები თითქმის არასოდეს აქვთ. სამაგიეროდ, ბევრად კონკრეტულია საუბარი ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობასა და მის შიდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე.
სახელმწიფოს რეალური მტრები ანონიმურები არიან, ხელისუფლების ოპონენტები კი - ყოველთვის ცნობილები. მაგრამ ბოლო ერთი წლის მთავარი ცვლილება მხოლოდ ის არ არის, რაზეც საუბრობს სუსი. უფრო მნიშვნელოვანია, ვისგან ხედავს საფრთხეს და ვის მოქმედებას აღარ იმჩნევს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთლიანად ჩაჯდა იმ ახალ პოლიტიკურ კონიუნქტურაში, რომელზეც ივანიშვილის ხელისუფლების იდეოლოგიური ღერძი გადაეწყო: დასავლეთი მტრულ ძალად გამოცხადდა, დასავლელი პარტნიორები - ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის წყაროდ, ხოლო ევროპული ინტეგრაცია - საქართველოსთვის თავსმოხვეულ საფრთხედ.
შესაბამისად შეიცვალა სუს-ის სამიზნეც. თუ ადრე ამ უწყების ბუნებრივი ამოცანა რუსული გავლენის, კრემლის აგენტურისა და ოკუპანტი სახელმწიფოს ჰიბრიდული ოპერაციების გამოვლენა უნდა ყოფილიყო, ახლა აქცენტი დასავლეთისგან მომავალ სავარაუდო საფრთხეზე გადაიტანეს.
ამ ანგარიშში 2026 წლის მოვლენები, ბუნებრივია, ვერ მოხვდებოდა, მაგრამ შემდგომმა გადაწყვეტილებებმა მკაფიოდ დაგვანახა მიმართულება: სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა გიორგი უძილაური - წარსულში ივანიშვილის თანამოაზრე და „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი.
თავად უწყებას ოფიციალურად არ დაუსახელებია სახელმწიფო, რომლის სასარგებლოდაც მას ჯაშუშობას ედავება. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების მინიშნებებისა და ფრანგული სპეციალიზებული გამოცემა Intelligence Online-ის ინფორმაციის თანახმად, საქმე საფრანგეთის საგარეო დაზვერვას უკავშირდება. იმავე ინფორმაციით, ამ ოპერაციის შემდეგ პარიზმა საქართველოდან საკუთარი დაზვერვის ოფიცრები გაიწვია.
ანუ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მივიღეთ სრულიად ახალი მოცემულობა: ჩვენი უსაფრთხოების სამსახური დემონსტრაციულად ამხელს ევროპული სახელმწიფოს სავარაუდო საქმიანობას და დასავლელ პარტნიორებს საჯაროდ ემუქრება, რომ მათ თანამშრომლებს გამოავლენს.
ამავე დროს, არც ანგარიშში და არც სუს-ის შემდგომ საჯარო საქმიანობაში თითქმის არაფერია ნათქვამი რუსეთის პოლიტიკური გავლენის სწრაფ ზრდაზე.
ქართული პოლიტიკური და მედიასივრცე ღიად ივსება კრემლის ინტერესებთან თანხვედრილი ძალებით, რომლებიც დასავლეთს საქართველოს მტრად წარმოაჩენენ, უარს ამბობენ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალზე და „ნეიტრალიტეტის“ სახელით საქართველოს რუსეთის გავლენის სივრცეში დაბრუნებას სთავაზობენ.
ამის თვალსაჩინო მაგალითია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - ჯერ საზოგადოებრივ მოძრაობად, შემდეგ კი პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებული ღიად ანტიდასავლური პლატფორმა. მის სათავეში ხელისუფლებასთან დაკავშირებული და წლების განმავლობაში სახელისუფლებო პროპაგანდაში ჩართული პირები დგანან. ეს პოლიტიკური ძალა ფაქტობრივად იმავე გზავნილებს იმეორებს, რომლებსაც ხელისუფლების ლიდერები აჟღერებენ, ფართოდ სარგებლობს სახელისუფლებო მედიის რესურსით და თვალსაჩინოდ იკავებს მისთვის გამზადებულ პოლიტიკურ სივრცეს.
აღარ არსებობს ეჭვი, რომ : ხელისუფლება ამ ძალებს უბრალოდ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას კი არ აძლევს, არამედ მათი ჩამოყალიბება, ფინანსური უზრუნველყოფა, პროპაგანდისტული გაძლიერება და ინსტიტუციური დამკვიდრება თავად სახელისუფლებო კაბინეტებიდან იმართება!
სუსი ამ ყველაფერს ვერ ამჩნევს. ან არ იმჩნევს.
ევროპული დაზვერვის სავარაუდო აგენტის გამოსავლენად ფარული ჩანაწერებიც არსებობს, საჯარო ბრიფინგებიც იმართება და დასავლეთის ქვეყნებს გაფრთხილებებსაც უგზავნიან. მაგრამ რუსეთის პოლიტიკური აგენტურა, კრემლის ნარატივების გამავრცელებელი მედიაპლატფორმები და პრორუსული პოლიტიკური პროექტები ამავე სამსახურისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
უფრო მეტიც - ძლიერდება განცდა, რომ სუსი მათ წინააღმდეგ კი არ მუშაობს, არამედ იმ პოლიტიკური სისტემის ნაწილია, რომელიც ამ ძალებს ზრდის და საჭირო მომენტისთვის ამზადებს. საფრთხის ვექტორი შეგნებულად შემოაბრუნეს: ოკუპანტი რუსეთისგან - დასავლელი პარტნიორებისკენ.
ამ ფონზე განსაკუთრებულად მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ცვლილებები.
სუს-ის ანგარიშში პირველად ჩნდება ინფორმაცია, რომ ცხინვალის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალიზებული საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა, აფხაზეთში კი ანალოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა და ადგილობრივი დანაყოფების დრონებით აღჭურვა მიმდინარეობს.
ეს ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს საოკუპაციო ხაზთან ნერგავს უკრაინაში მიღებულ თანამედროვე სამხედრო გამოცდილებას.
ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ოკუპირებული რეგიონების მხოლოდ ადმინისტრაციული მართვით აღარ შემოიფარგლება. თავად სუს-ის შეფასებით, ის ადგილობრივ მოსახლეობაში ანექსიისთვის ხელსაყრელი განწყობების შექმნაზე მუშაობს.
ფართოვდება ფსოუს ე.წ. გამშვები პუნქტი, რეკონსტრუქცია უტარდება როკის მონაკვეთს, მოდერნიზებულია სოხუმის აეროპორტი, ახლდება სოხუმი-ოჩამჩირის რკინიგზა, ოჩამჩირის პორტში კი რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის მატერიალურ-ტექნიკური პუნქტის შექმნა იგეგმება.
ცალ-ცალკე ეს შეიძლება აეროპორტად, ლიანდაგად, პორტად ან გამშვებ პუნქტად გამოჩნდეს. ერთად კი ეს არის ერთი სამხედრო, სატრანსპორტო და პოლიტიკური ინფრასტრუქტურა - ფორსირებული ანექსიის ინფრასტრუქტურა.
და ამ.ფონზე თბილისმა სამთავრობო პროგრამიდან დეოკუპაციისთვის „საერთო ეროვნული ხედვის“ შექმნის დაპირებაც კი ამოიღო.
ამიტომ დღეს მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ - რამდენად ზუსტია სუს-ის ანგარიში.
მთავარ პრობლემას უნდა გავუსწოროთ თვალი: შეუძლია კი პოლიტიკურად დამოკიდებულ, მუდმივად ცვალებადი ხელმძღვანელობისა და კორუფციული სკანდალებით დაზიანებულ სამსახურს ქვეყანა დაიცვას იმ სპეცსამსახურებისგან, რომლებიც თანმიმდევრულად მუშაობენ, ჩვენზე ბევრად დიდ რესურსს ფლობენ და უკვე საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირებასაც ახერხებენ?
ან იქნებ პრობლემა უფრო მძიმეა: სუსი რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ვეღარ ხედავს იმიტომ, რომ თავად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მტერი დასავლეთში ეძებოს, ხოლო რუსულ გავლენას საქართველოში პოლიტიკური და მედიასივრცე გაუხსნას?
პუტინის „სუვერენული დემოკრატიის“ მსგავსად, ივანიშვილისეულ მოდელშიც სუვერენიტეტი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას აღარ ნიშნავს. ის ერთი ადამიანის ძალაუფლების დასავლური კონტროლისგან, დემოკრატიული ვალდებულებებისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისგან გათავისუფლებას ნიშნავს.
ამ მოდელში სუვერენიტეტის მთავარი მტკიცებულება ევროპასთან დაპირისპირებაა; ხელისუფლების კრიტიკოსი - უცხოეთის აგენტი; დასავლელი პარტნიორი - მტრული ძალა; ხოლო ოკუპანტი რუსეთის პოლიტიკური, საინფორმაციო და სპეცსამსახურების გავლენა - საფრთხე, რომელიც სუსმა არ უნდა შეიმჩნიოს.
ეს არის საფარი ივანიშვილის ერთპიროვნული ავტორიტარიზმისთვის და, იმავდროულად, საქართველოში რუსული სპეცაქტივობებისთვის ანთებული მწვანე შუქი. შემთხვევითი არც ის არის, რომ ძალოვანი სისტემის მაღალ თანამდებობებზე ერთმანეთის მიყოლებით ხვდებიან ივანიშვილის პირადი გარემოცვისა და დაცვის ყოფილი თანამშრომლები.
სუს-ის პირველი უფროსი ვახტანგ გომელაური მისი დაცვის ხელმძღვანელი იყო; გრიგოლ ლილუაშვილი წლების განმავლობაში „ქართუ ჯგუფის“ უმაღლეს თანამდებობებზე მუშაობდა; დღეს კი სუს-ის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე გიორგი ბახუაშვილი - ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრია.
ეს უკვე მხოლოდ პოლიტიკური ერთგულება აღარ არის. ეს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემის პირადი ნდობის სისტემად გადაკეთებაა - როდესაც პროფესიულ ინსტიტუტზე მაღლა ერთი ადამიანის უსაფრთხოება, ინტერესები და ძალაუფლება დგას.
როდესაც ოკუპანტის გავლენის აგენტები ხელშეუხებლად ძლიერდებიან, ჩვენი დასავლელი პარტნიორები კი მტრულ ძალად ცხადდებიან, უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფოს აღარ იცავს. ის ივანიშვილის ძალაუფლებას იცავს.
ამიტომ სათაურის კითხვა ბოლოს უკვე პასუხსაც შეიცავს:
სუსი ფორმალურად საქართველოს სუვერენიტეტის სამსახურია - რეალურად კი სულ უფრო სუვერენულად - ბიძინასი!
