თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანსა და „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს, საუბრის მთავარი თემა ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს განვითარებული მოვლენები იყო.
სააგენტოს წყაროების ცნობით, თურქეთი ყურადღებით აკვირდება ბათუმში „ოცნების“ ხელისუფლების სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებთან დაკავშირებულ ვითარებას. ამასთან, თბილისში თურქეთის საელჩოსა და ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები სტადიონზე იმყოფებოდნენ და თურქეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად შესაბამის ზომებს იღებდნენ.
თურქული მედიის ცნობით, სატელეფონო კომუნიკაცია შედგა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებს, მუსტაფა ჩიფთჩისა და „ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილს შორისაც.
„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ „ოცნების“ ხელისუფლების სამართალდამცველების მოქმედებებს თურქეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები გამოეხმაურნენ. ანკარა დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მომხდარზე გამოძიების ჩატარებასა და პასუხისმგებელი პირების მიმართ სამართლებრივი ზომების მიღებას მოითხოვს.
ინციდენტთან დაკავშირებით „ბეშიქთაშის“ პრეზიდენტს, სერდალ ადალის, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესაუბრა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მუსტაფა ჩიფთჩიმ, „ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, დაკავებული თურქი მოქალაქეების უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფა მოსთხოვა.
თურქული მედიის ინფორმაციით, თამაზაშვილმა თურქ კოლეგას განუმარტა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები არა „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არამედ UEFA-ს წარმომადგენლებმა ჩამოართვეს. მისივე თქმით, ინციდენტის შემდეგ სტადიონზე საკუთარი მოადგილე გაგზავნა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, აქინ გურლექმა, „ოცნების“ იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების, მოქალაქეთა უფლებების დაცვის, ინციდენტში მონაწილე პირების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებისა და მსგავსი შემთხვევების პრევენციის მოთხოვნები გააცნო.
თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, ოსმან აშქინ ბაქმა, „ოცნების“ ხელისუფლების სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენება არაპროპორციულად შეაფასა და მკაცრად დაგმო. მისი განცხადებით, თურქეთი საკუთარი სპორტსმენებისა და გულშემატკივრების უფლებებს ყველა შესაძლო პლატფორმაზე დაიცავს.
მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაც. ფედერაციამ ინციდენტის ყველა გარემოების გამოძიება, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ შესაბამისი სანქციების დაუყოვნებლივ გამოყენება მოითხოვა.
„ოცნების“ ხელისუფლების სამართალდამცველების მოქმედებები დაგმეს თურქულმა საფეხბურთო კლუბებმაც, მათ შორის „გალათასარაიმ“, „ფენერბაჰჩემ“ და „ტრაბზონსპორმა“.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაცია თურქულ მედიას ეყრდნობა. „ოცნების“ ხელისუფლებას ამ დროისთვის აღნიშნული სატელეფონო კომუნიკაციების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ცნობით, „ოცნების“ ხელისუფლების სამართალდამცველებმა ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების პროცესში თურქი გულშემატკივრები პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.
მატჩი თავდაპირველად თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა UEFA-მ შეხვედრის მასპინძელი სტადიონის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციის განმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე აცნობა, რომ სტამბოლში მატჩის ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ კი გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის შეხვედრას საქართველო უმასპინძლებდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და ისრაელს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელ-ღაზის ომის ფონზე მკვეთრად გაუარესებულია.
