logo
ENG



13 წლის ბიჭი, რომელსაც ვაკის პარკში შადრევანში დენმა დაარტყა, მართვით სუნთქვაზე რჩება

14 ოქტ 202209:04
3 წუთის საკითხავი
 

13 წლის ბიჭი, რომელსაც ვაკის პარკში შადრევანში დენმა დაარტყა, მართვის სუნთქვაზე რჩება.

ნიუ ჰოსპიტალსში, სადაც მას მკურნალობენ, ამბობენ, რომ სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, მაგრამ მდგომარეობის გართულების შანსები ისევ არსებობს. 

გუშინ, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. 

გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც შადრევანში დენმა დაარტყა. ინფორმაცია ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა დაადასტურა.

რაც შეეხება მეორე ბავშვს, ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შადრევანს ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო გამოძიება მომხდარის დეტალებს დაადგენს. 

გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.


close დახურვა