
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღესაც გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, არ იზიარებს. დეპუტატებმა უმრავლესობის ფორმატში შეხვედრის და დამატებითი კონსულტაციების ჩატარება მოითხოვეს.
"ვერ დამარწმუნებენ და ჩემმი პოზიცია არის მკაფიო. ამ ვითარებაში, ამ რეალობაში, ამ ოპოზიციურ სპექტრთან, რომელიც ძირითად არის დესტრუქციული, მე რისკზე ვერ წავალ და ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი არასწორი გადაწყვეტილებით ქვეყანა შევიყვანო ქაოსში", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძის პოზიციაც უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი დაჩი ბერაია იზიარებს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, ახლა მის მხარდაჭერას არ აპირებს.
"ვფიქრობ, რომ დარწმუნებას ვერ შეძლებენ. აქამდე ამ კანონპროექტს მხარს ვუჭერდი და ვარ მისი ინიციატორი, თუმცა ახლა ვაანალიზებ იმ რისკებს და იმ სტაბილურობის დარღვევას, რომელიც შეიძლება მოხდეს. ამ კანონის წინააღმდეგი ვარ და მხარს არ დავუჭერ", - აღნიშნა დეპუტატმა.
ცნობისთვის, დღეს "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება.