logo
ENG



14 წლის გოგოს სუიციდის საქმეზე ომბუდსმენი უწყებების პასუხისმგებლობის საკითხს შეისწავლის

11 თებ 202122:21
3 წუთის საკითხავი
 
14 წლის გოგოს სუიციდის საქმეზე ომბუდსმენი უწყებების პასუხისმგებლობის საკითხს შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველი, 14 წლის გოგოს მიერ თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით, შეისწავლის. 

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და წარმოადგენს იმ სისტემური უმოქმედობის, კვალიფიკაციის ნაკლებობისა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობის შედეგს, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი წლებია მიუთითებს.

"მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ პასუხისმგებელი უწყებები ვერ ახდენენ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე დროულ, ეფექტიან და კოორდინირებულ რეაგირებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო რეაგირებას და სისტემური ცვლილებების გატარებას საჭიროებს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეების მესამედზე შეწყდა გამოძიება, რომლის საფუძველი მათ შორის, მტკიცებულებების არარსებობა გახდა, რაც თავის მხრივ, განპირობებული იყო დანაშაულის გამოძიების დაგვიანებით და არასრულწლოვნებთან სათანადო კომუნიკაციის არარსებობით", - აღნიშნულია განცხადებაში. 

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებთან მიმართებით საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის დროულ შეტყობინებასა და დაზარალებულისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნას. შემთხვევების დროული გამოვლენის და რეფერირების პროცედურის განსახორციელებლად განსაკუთრებული როლი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს აკისრიათ.

"მიუხედავად აღნიშნული პრობლემის სიმწვავისა და სისტემური ხასიათისა, სახელმწიფო უწყებები ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას უშუალოდ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკაზე მორგებული გადამზადების მოდულით. სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე პროფესიონალების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება არსებულ საჭიროებას. სახელმწიფო სერვისები ვერ უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის და მისი ოჯახის რეაბილიტაციას და ვერ ქმნის მათ ეფექტიან მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გარემოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი. გარდაცვლილის გოგონას ბაბუის თქმით, თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს. მისი თქმით, პირველი ინციდენტის დროს, გარდაცვლილს ინფორმაცია საკუთარი ოჯახის წევრებისთვისაც არ მიუწოდებია. მეორე შემთხვევა 2020 წლის დეკემბერში მოხდა, რის მერეც, გოგონას ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. 

გარდაცვლილის ბაბუა იხსენებს, რომ დანაშაულის შეტყობინების მიუხედავად, სამართალდამცავმა უწყებებმა ოჯახისთვის ექსპერტის დასკვნის გადაგზავნა მნიშვნელოვნად დააგვიანეს. 

სამართალდამცველებმა კი, სავარაუდო დამნაშავე გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, დღეს დააკავეს.  მას ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა ედება. 

 

 

 

 


close დახურვა