შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 23 წლის კაცი დააკავეს. კაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული. როგორც ირკვევა, ოჯახმა ძალადობაზე პოლიციას შეატყობინა, თუმცა რეაგირება დაგვიანდა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა ქობულეთში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგოსთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
გუშინ, 10 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში არასრულწლოვანი გოგო გარდაცვლილი იპოვეს.
რადიო თავისუფლების ცნობით, გარდაცვლილი მოზარდის ბაბუამ მის შვილიშვილზე შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ გუშინ ისაუბრა. მისი თქმით, მომხდარი 2 თვის წინ გაიგეს, როცა კაცი გოგოსთან ისევ გამოჩნდა. ის ამბობს, რომ პოლიციას შეატყობინეს, გოგოს ექსპერტიზა ჩაუტარდა და პასუხმა დაიგვიანა, სავარაუდო მოძალადე კი დაკავებული არ იყო, რაზეც გოგო დარდობდა.