logo
ENG



14 წლის გოგო, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, დღეს დაკრძალეს

13 თებ 202118:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/13/54wmxlnr7sz45xb.jpg

14 წლის გოგო, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სოფელ ქაქუთში დღეს დაკრძალეს.

გარდაცვლილის დედას, ყოფილი მეუღლის ნათესავებმა შვილის დატირების საშუალება არ მისცეს. მერი რომანაძემ, შვილის საფლავზე მისვლა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ნათესავებმა ტერიტორია დატოვეს.

ის სასაფლაოზე სამართალდამცველებთან ერთად მივიდა.

ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი. გარდაცვლილის გოგოს ბაბუის თქმით, თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს. 

მისი თქმით, პირველი ინციდენტის დროს, გარდაცვლილს ინფორმაცია საკუთარი ოჯახის წევრებისთვისაც არ მიუწოდებია. მეორე შემთხვევა 2020 წლის დეკემბერში მოხდა, რის მერეც, გოგონას ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. 

სამართალდამცველებმა კი, სავარაუდო დამნაშავე გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, 11 თებერვალს დააკავეს. საქმეზე დაკავებულს პირს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.

თურქეთიდან დაბრუნებულმა მოზარდის დედამ ფორმულასთან შვილის თვითმკვლელობის გარშემო არსებულ მძიმე გარემოებებზე ისაუბრა. 

გარდაცვლილის დედის თქმით, საქმეზე დაკავებული პირის მხრიდან მის შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემდეგ, 14 წლის მოზარდს უკიდურესად შევიწროვებულ და ძალადობრივ გარემოში უწევდა ყოფნა. მისივე მონათხრობით, ნათესავებმა გოგოს "უმოწყალოდ სცემეს".

მისი თქმით, 14 წლის ქალიშვილის მდგომარეობის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მუშაკიც, რომელმაც მძიმე ემოციური და ფიზიკური გარემოებების მიუხედავად, მოზარდისთვის ფსიქოლოგის მეთვალყურეობა არ უზრუნველყო. 

დაკავებული კაცის დედა კი ამბობს, რომ ბავშვზე ბაბუა ძალადობდა, ხოლო მის შვილს "თითი არ დაუკარებია". 

ბრალდებულს აღნიშნულ საქმეზე წინასწარი პატიმრობა დღეს შეეფარდა

 

close დახურვა