logo
ENG



14 მაისიდან ფოსტით ₾300 მეტი ღირებულების საქონელზე კიდევ 1 გადასახადი ემატება

06 მაი 202214:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/06/v3eept4y9tm3dug.jpg

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 14 მაისიდან მოქალაქეებს საფოსტო გზავნილით 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის მიღების შემთხვევაში მომსახურების საფასურის გადახდა მოუწევთ.

2022 წლის 14 აპრილს №96 დადგენილებაში - „შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ №201 დადგენილებით მომსახურების გაწევის საფასურებში ცვლილება შევიდა, რომელიც 14 მაისიდან ამოქმედდება. 

ცვლილების ფარგლებში მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება დგინდება საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის გაფორმებაზე და საფასურის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • 300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 20 ლარი;
  • 3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 100 ლარი.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 14 მაისიდან განსაბაჟებელი ამანათი მხოლოდ აღნიშნული თანხის გადახდის და საგადახდო დავალების წარდგენის შემდეგ გაიცემა.

ფორმულა შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ცვლილებების მიხედვით, ყველა მოქალაქეს, ვინც 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონელს საფოსტო გზავნილით მიიღებს მომსახურების გადახდა დაეკისრება.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ამ დრომდე 10 000 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილებზე მოქალაქეები მომსახურების გადასახადს არ იხდიდნენ, ცვლილების მიზეზი უცნობია.

„მიზეზს ვერ გეტყვით. უშუალოდ რა ცვლილებას იგეგმება ესაა: აქამდე 10 000 ლარამდე საფოსტო გზავნილის შემთხვევაში არ იყო მომსახურების საფასური და 14 მაისიდან უკვე ძალაში შედის ეს 96-ე დადგენილების ცვლილება რაც უკვე ღირებულების გათვალისწინებით ითვალისწინებს მომსახურების საფასურების გადახდას“ - განაცხადა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა ფორმულასთან ინტერვიუში

აღსანიშნავია, რომ საფოსტო გზავნილებზე მომსახურების გადასახადის დაწესების გარდა დადგენილებაში სხვა ცვლილებებიც შევიდა. 

სამსახურმა დეკლარანტების/მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა eCustoms-ში დაშვებული პირების მიერ eCustoms-ის მეშვეობით რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების უპირატესი, განსხვავებული საფასური დააწესა, რაც სამსახურის განცხადების მიხედვით თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისებას ისახავს მიზნად. 

ფორმულასთან საუბარში უწყების წარმომადგენელმა განმარტა, რომ საფოსტო გზავნილების შემთხვევაში ონლაინ პლატფორმა eCustoms-ში საფოსტო გზავნილების დეკლარაციების შევსება ტექნიკურად შეუძლებელია, შესაბამისად, საფოსტო გზავნილების მომსახურების საფასურის შემცირების მიზნით მომსახურების ონლაინ პლატფორმებზე თვითმომსახურებით ჩანაცვლება შეუძლებელია და ამ გადასახადის გადახდის ვალდებულება ყველა მოქალაქეს ექნება.

„საფოსტო გზავნილის შემთხვევაში [ონლაინ პლატფორმების გამოყენება] შესაძლებელი არ არის. ძირითადად ეს ეხება გეზ-ის [გაფორმების ეკონომიკური ზონა] მომსახურების შემთხვევაში, როცა დეკლარაციას თავად ავსებს, დეკლარანტი ჰყავს კომპანიას დაშვებული პირი. საფოსტოზე ეს ფიზიკურად არაა შესაძლებელი რომ გამომწერმა თავად მოახდინოს ამ დეკლარაციის შევსება და ამით შეიმციროს მომსახურების გადასახადი“ - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

 

close დახურვა