logo
ENG



14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი წარედგინათ

15 ოქტ 202316:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/15/iiylx80lszqxjo6.jpg

პროკურატურის ცნობით, 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს, რომლებიც დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს, ბრალდება წარედგინათ.

უწყების განცხადებით, შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა. იქ არასრულწლოვანს შეზღუდული ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების უფლება. უწყების ცნობით, ამის შესახებ იცოდნენ გამტაცებლის ბიძამ და ბიძაშვილმა, რომლებმაც დანაშაულზე სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

"მოგვიანებით, გატაცებულმა არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, თუმცა ოჯახის წევრებმა გოგონა გამტაცებელთან დააბრუნეს და მასთან თანაცხოვრება აიძულეს", - ნათქვამია განცხადებაში.

გამტაცებლის ბიძას და ბიძაშვილს ბრალდება სსსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) წარედგინათ, რაც სასჯელის ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია და ბრალდება კიდევ სამ პირს აქვს წარდგენილი. მათ შორის, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, ხოლო გოგოს დედასა და ბიძას ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. სამივეს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

 
 

close დახურვა