logo
ENG



14 წლის მოზარდის მეგობარი: ნინი მუშაობდა, ოჯახში ყველას უვლიდა, თვითონ სულ მოწყენილი იყო

13 მარ 202121:28
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთში, 14 წლის ნინის მეგობარი მოზარდის რთულ ცხოვრებაზე შაბათის ფორმულასთან საუბრობს.

ის ამბობს, რომ ნინის, რომელმაც სექსუალური ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში უწევდა ყოფნა და მაზე ოჯახის წევრებიც ხშირად ძალადობდნენ. შაბათის ფორმულასთან საუბარში, მოზარდის მეგობარი ასევე აცხადებს, რომ ნინის ბიცოლა სკოლის მოსწავლებელია და ისინი სასწავლო დაწესებულებას მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდნენ. 

"ვფიქრობ, მთელი სოფელი ვალდებული ვიყავით, რომ დავხმარებოდით ნინის, მაგრამ ვერავინ გავბედეთ, რომ გვეთქვა და ხელი გაგვეწოდა მისთვის.

ყოველთვის იყო ფაქტი, რომ ნინი დაღვრემილი, მოწყენილი იყო, ჩუმად იყო. ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ეჩხუბა ბიძა, ეჩხუბა ბაბუა. ის ბიცოლა, არის იმ ბიძის ცოლი, რომელიც ნინიზე, სავარაუდოდ, ძალადობდა. ზუსტად ეს ცოლი არის მასწავლებელი სკოლაში. ასევე არის მეორე ნათესაური კავშირი, სკოლის დირექტორის მოადგილესთან. ყველაფერი იცოდნენ. სკოლას ინფორმაცია არც ერთმა მათგანმა არ მიაწოდა", - ჰყვება მეგობარი, რომლის ვინაობაც შაბათის ფორმულამ ანონიმურად დატოვა. 

ის იძახის, რომ 14 წლის ნინის ოჯახის შენახვაც უწევდა და ის მუშაობდა. 

"ნინი მუშაობდა - თხილს კრეფდა. არ ვიცი, ბებიას უვლიდა. ოჯახის საქმეებს თვითონ აქეთებდა. 14 წლის ბავშვი ახერხებდა ამ ყველაფერს, რომ ოჯახში შემოჰქონდა ფული, აქეთ ემსახურებოდა ბაბუას, ძმას - ის იყო დიასახლისი", - ამბობს მეგობარი. 

ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი. 

სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე, 23 წლის კაცი გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, 11 თებერვალს დააკავეს. საქმეზე დაკავებულს პირს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.

თურქეთიდან დაბრუნებულმა მოზარდის დედამ ფორმულასთან შვილის თვითმკვლელობის გარშემო არსებულ მძიმე გარემოებებზე ისაუბრა. 

გარდაცვლილის დედის თქმით, საქმეზე დაკავებული პირის მხრიდან მის შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემდეგ, 14 წლის მოზარდს უკიდურესად შევიწროვებულ და ძალადობრივ გარემოში უწევდა ყოფნა. მისივე მონათხრობით, ნათესავებმა გოგოს "უმოწყალოდ სცემეს".

მისი თქმით, 14 წლის ქალიშვილის მდგომარეობის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მუშაკიც, რომელმაც მძიმე ემოციური და ფიზიკური გარემოებების მიუხედავად, მოზარდისთვის ფსიქოლოგის მეთვალყურეობა არ უზრუნველყო. 

გარდაცვლილი გოგოს ბაბუა შვილიშვილზე მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 15 თებერვალს დააკავეს. ის აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ მისმა შვილიშვილმა "ოჯახის ღირსება შეარცხვინა" და ამიტომ იძალადა მასზე. 


close დახურვა