ბიომეტრიული პასპორტის და ელექტრონული პირადობის მოწმობის საფასური ძვირდება. ცვლილებები 1-ლი მაისიდან ამოქმედდება.
კერძოდ, ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარად იქნება შესაძლებელი, ხოლო პირადობის მოწმობის - 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარად.
რაც შეეხება ამ ორი საბუთის დაჩქარებულ გაცემას, ფასები აქაც იზრდება. პასპორტის იმავე დღეს აღება მოქალაქეებს 350 ლარი დაუჯდებათ, მეორე დღეს - 300 ლარი, მესამე დღეს - 225 ლარი, მეხუთე დღეს - 180 ლარი. პირადობის მოწმობის შემთხვევაში ფასები ასე ნაწილდება - იმავე დღეს საფასური 150 ლარი იქნება, მეორე დღეს - 120 ლარი, მესამე დღეს - 100 ლარი, მეხუთე დღეს - 80 ლარი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ ეს დადგენილება 21 აპრილს მიიღო და ძალაში ის 1-ელ მაისს შედის და იუსტიციის სახლის სერვისების განვითარების სააგენტოს სხვა ტარიფებშიც შევა ცვლილება.