
გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა" კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის" ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნების დროს შეძლებს საქართველოს ტერიტორიაზე 15 000-ზე მეტი ადამიანის გამოკითხვას.
ჯაფარიძის თქმით, უპრეცედენტო შემთხვევაა ტელევიზია 1 წლით ადრე უკვეთავდეს წინასაარჩევნო კვლევას.
„ჩვენი ისტორიული გამოცდილება, გაკეთებული კვლევები და ეგზიტპოლები, შედეგები რომლებიც დავდეთ საოცრად ზუსტი იყო. ეს მოხდა არაერთხელ და არ იყო შემთხვევითი. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, 2017 წლის თბილისის მერის არჩევნები და ა.შ. თავად საქმე ყველაზე კარგად მეტყველებს. ჩვენი მიდგომა არის უმაღლესი პროფესიონალიზმი, სიზუსტე და ყველაფრის გადამოწმება. საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ ტელეკომპანია უკვეთავს „ედისონ რისერჩს" საარჩევნო კვლევას 1 წლით ადრე. გამოდის, რომ 6 კვლევის ჩატარების საშუალება გვეძლევა - 2 000-იან კაციანი თითო ველში. სამი კვლევა გვექნება ორ თვეში ერთხელ და მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ტალღა იქნება არჩევნების წინა პერიოდში. არჩევნების დღეს, სადაც საქართველოს მოქალაქეს ხმის მიცემის საშუალება ექნება, ჩვენი წარმომადგენელი ყველგან იქნება და ერთ დღეში შეიძლება 15 000 ადამიანის გამოკითხვა მოხდეს. ამჯერად გეტყვით ვინ მოხვდა პარლამენტში და რატომ აირჩიეს ისინი," - განაცხადა ჯაფარიძემ.
გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის უპრეცედენტო თანამშრომლობა ქართულ ტელეკომპანიასთან. „ფორმულა“ პირველი მედია ორგანიზაციაა, რომელიც „ედისონ რისერჩის“ საზოგადოებრივი კვლევების ჩატარებას ერთი წლით ადრე უკვეთავს. 6 გამოკითხვა წლის განმავლობაში და ეგზიტპოლი არჩევნების დღეს - ასეთი იქნება „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ პარტნიორობის შედეგი. თანამშრომლობის ფარგლებში პირველი კვლევის მონაცემებს „ფორმულას“ მაყურებელი 27 ნოემბერს იხილავს.