
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ პარლამენტში თანამდებობების გადანაწილება კონკრეტული კანდიდატების გამოცდილების გათვალისწინებით მოხდა.
კითხვაზე, დააწინაურეს თუ არა ის დეპუტატები, რომლებმაც პროპორციული სისტემა ჩააგდეს, კახიანი აცხადებს, რომ ამ თემაზე ამ კუთხით არ უფიქრია.
„გადაწყვეტილების მიღება მოხდა იმის მიხედვით, ვის რა გამოცდილება ჰქონდა, ვის რა პრაქტიკა აქვს. ამ კუთხით არ დავკვირვებივარ, მაგრამ ვისაც შეეხო ცვლილებები, არიან როგორც პროპორციულის მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები“, - აცხადებს კახიანი.
პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს გია ვოლსკი, ვიცე-სპიკერები კი იქნებიან მამუკა მდინარაძე, რომელიც, ამავდროულად, ვოლსკის ნაცვლად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც ხდება, ასევე გიორგი კახიანი და კახა კუჭავა.
თამარ ხულორდავას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დავით სონღულაშვილი შეცვლის, საგარეო საქმეთა კომიტეტს კი ირაკლი ბერაია ჩაიბარებს. რაც შეეხება განათლების კომიტეტს, მას გენადი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გიორგი კახიანი გურამ მაჭარაშვილს გადააბარებს, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი ნინო წილოსანი გახდება. რატი იონათამიშვილი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობა 12-მა წევრმა დატოვა, მათ შორის არის თამარ ჩუგოშვილიც.