
„ვის ეკუთნის საქართველო?“ - უკვე 1 წელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამ სახელწოდების წიგნზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც საქართველო 2012 წლის შემდეგ უფრო და უფრო მეტად ხდება ოლიგარქი ივანიშვილის საკუთრება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ წიგნში ქვეყანა რამდენიმე ძირითად თავად დაყო. თბილისის განვითარების მომავალი შეისწავლა. დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილს როცა სჭირდება, კანონს არღვევს, როცა არა, კი კანონს ცვლიან. მაგალითად „პანორამა თბილისის" პროექტი, კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის საზღვრები დააკორექტირა და თბილისის ისტორიულ ნაწილში 29 ჰა მიწის ნაკვეთი შეიძინა.
5 წლის წინ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ „ლაგუნა ვერე“ ისე შეიძინა, რომ მის მესაკუთრეებს შორის არც „ბანკი ქართუ“ და არც ყოფილი პრემიერი ფიქსირდებოდნენ. თუმცა, მკვლევრებმა ეს კავშირები მაინც იპოვეს.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დარჩიას 2012 წლის მონაცემებითა და დეკლარაციის მიხედვით, საბანკო ანგარიშზე 20 ლარი ჰქონდა. ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელში კი საჩუქრად „ქართუ ბანკისგან“ 15 ათასი ლარი მიიღო. გამდიდრდნენ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც. ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გამდიდრების ფაქტზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
არაფორმალური კონტროლისა და სახელმწიფოს მიტაცების აშკარა ნიშნებზე განცხადება დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა. ეკა გიგაური ამბობს, რომ სახეზეა სასამართლოს, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მართვის ყველა რგოლის მიტაცება.