
მმართველ გუნდში შეერთებული შტატების კრიტიკაზე კომენტარს თავს არიდებენ. სასამართლო სისიტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორია და მათი სურვილია ქვეყანაში ძლეირი და სამარლიანი სასამართლო იყოს.
როგორც მმართველი გუნდის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, მართალია, არსებობს ხარვეზები, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს წინსვლასაც აღნიშნავენ.
„ისინი ერთის მხრივ აფასებენ ჩვენს წინსვლას. თუმცა, ასევე აფასებენ და კონსულტაციებს გვაძლევენ იმ გამომწვევთან დაკავშირებით და ჩვენც არ ვუარყოფთ, მათ შორის ქართულ მართლმსაჯულების საკითხებშიც არსებობს გამოწვევებიც, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს გარკვეული წინსვლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების იგივე „იფსოსის“ კვლევებშიც“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ოპოზიციაში კი საელჩოს მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას შეშფოთებით უყურებენ და ქვეყნის იზოლაციის საფრთხეს ხედავენ. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა, ამერიკის საელჩოს განცხადება მოწმობს, რომ შერჩეული მოსამართლეები არაკომპეტენტურები არიან.
„ამერიკის საელჩოს განცხადება დიდი კითხვის ნიშის ქვეშ აყენებს იმ არჩევანს, რომელიც უმრავლესობამ გააკეთა სასამართლოს წევრებთან დაკავშირებით. ერთი ესაა შერჩევის პროცესი. შემდეგ, მართალია ტრანსპარენტულად, მაგრამ ღიად გასაუბრების პროცესები, რომლის მიზანი იყო მათი კომპეტენტურობა. როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ დაინახა მათი კომპეტენტურობა, ამიტომ არის ასეთი დასკვნები“, - განაცხადა წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების საელჩომ, გუშინდელ განცხადებაში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გააკრიტიკა და წუხილი გამოხატა, რომ უზენაეს სასამართლოში რიგი პირები, არ წარმოადგენდნენ კვალიფიციურ კანდიდატებს. შტატების საელჩო ხელისუფლებას მოსამართლეთა შერჩევისას დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებას ურჩევს.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, აქედან 2 მოქმედი მოსამართლეა. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა თამარ ალანიას, შოთა გეწაძის, პაატა სილაგაძის, ლაშა ქოჩიაშვილისა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურას.
ამავდროულად, ამერიკის საელჩო უზენაესი სასამართლო მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, საელჩო ურჩევს პარლამენტსა და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კადნდიდატობის 20-კაციანი სია გადაუგზავნა. კანდიდატებმა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უკვე უპასუხეს პარლამენტის დეპუტატის კითხვებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვლიან, რომ კანდიდატების უმეტესობა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები არიან და ხელისუფლებას 20-კაციანი სიით სასამართლოს ხელისუფლების მთლიანად მიტაცება სურს.