
„ქართული ოცნების“ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება შეაფასეს კონსტიტუციონალისტებმა და სამართლის მცოდნეებმა. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მმართველი პარტია ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ცდილობს.
საიას თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ თუკი მმართველ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სურდა, ჯობდა აქცენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე გადაეტანა.
„ეს ნიშნავს პრაქტიკულად იმას, რომ ისინი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას, მიუხედავად იმისა ამომრჩევლის განწყობა როგორ შეიძლება იყოს. 113 ხმა რომ არ აქვთ ეს ნათელია და გასაგებია, ის რო ოპოზიცია არ დაუჭერს ამ ინიციატივას მხარს ამის შანსი ძალიან მაღალია. მმართველ პარტიას უკეთესი იქნებოდა, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იყო საუბარი აქცენტი გადაეტანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ამ მიმართულებით დაერწმუნებინა ის დეპუტატები, რომლებიც აჯანყდნენ და არა საუბრის დაწყება ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე“,-განაცხადა სულხან სალაძემ
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია ავტორიტარული მმართველობის რეჟიმზე გადავიდა“,-ასე აფასებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, მმართველი პარტიის ახალ ინიციატივას. მისი თქმით, ივანიშვილი ამ გზავნილების გავრცელებას საჯაროდ აღარც კი ერიდება.
„ყველაზე პრობლემური მაინც არის ის რომ როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ პირდაპირ ცალსახად ამბობს, რომ ისინი მზად არიან კონსტიტუციაც და საარჩევნო კანონმდებლობაც მოირგონ საკუთარ ნებაზე რომ ისეთი საარჩევნო სისტემა იყოს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ მისცემს თეორიულ შანსს რომ უმრავლესობა მოიპოვონ. ეს გზავნილი მიუთითებს არამხოლოდ იმაზე, რომ ავტორიტარული მმართველობის რეჟიმზე გადავიდა „ქართული ოცნება“ არამედ იმაზე, რომ ივანიშვილს აღარც კი ერიდება საჯაროდ ეს გზავნილი გაავრცელოს“,-განაცხადა მიხეილ ბენიძემ
მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ საკონტიტუციო ცვლილების მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა მმართველი პარტიაში საკმარისი დეპუტატების რაოდენობა არ დარჩა ოპოზიცია კი ამ ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს.