logo
ENG



არასამთავრობოები, მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

18 დეკ 201912:44
3 წუთის საკითხავი
 
if6ka2rtbx45xyq.jpg

არასამთავრობო სექტორი, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამდენი წლის მანძილზე არ ჩაატარა რეფორმა, პოლიციაში კი დღესაც აშანტაჟებენ ადამიანებს და ძალადობენ მათზე.

„ვწუხვარ ბავშვის გარდაცვალების გამო, რომელმაც ვერ აიტანა ის მდგომარეობა, რაც საგამოძიებო უწყებაში დახვდა. ეს აშკარად ჩანს ჩვენი კოლეგა ორგანიზაციების შეფასებებიდან, რომლებიც უშუალოდ სწავლობენ ამ საქმეზე. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ აქ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ხელისუფლების, რომელმაც ამდენი წლის მანძილზე არ ჩაატარა რეფორმა, პოლიციაში კი დღესაც აშანტაჟებენ ადამიანებს და ძალადობენ მათზე“, - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელი გურამ იმნაძე კი აღნიშნავს, რომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა, როცა ბავშვის გარდაცვალებას ემთხვევა გამომძიებლის დაკავება, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სწორედ ამ დღეს შექმნილიყო შესაბამისი საფუძველი.

„საკითხი ერთი თანამშრომლის პრობლემას ცდება, თუნდაც დადგინდეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, ბევრად უფრო სიღრმისეული და სისტემურია ეს პრობლემა. ამ პრობლემას ქვია ძალადობაზე დაფუძნებული მმართველობა, სადაც ადამიანების ინდივიდუალური წუხილები, აბსოლუტურად უგულებელყოფილია“, - აცხადებს იმნაძე.

მართლმსაჯულებაში არსებულ ზოგად პრობლემაზე საუბრობს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილიც და აცხადებს, რომ მიუხედავად იმ დიდი ცვლილებისა, რომელიც თითქოს გაიარა საპროცესო კოდექსმა, დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ.

„სამწუხაროდ, იმ ტრაგედიამ, რომელიც გუშინ მოხდა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა, ის უდიდესი პრობლემები, რომელიც მართლმსაჯულებაში არის. მართალია ბევრი რამ გამოსაკვლევია, მაგრამ უნდა გაირკვეს, იყო თუ არა გამომძიებლის მხრიდან ზეწოლა. კიდევ ერთხელ ვარწმუნდებით, მიუხედავად იმ დიდი ცვლილებისა, რომელიც თითქოს გაიარა საპროცესო კოდექსმა, დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

აღნიშნულ საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი, ბავშვის გარდაცვალებიდან, რამდენიმე წუთში დააკავა. იგეგმება თუ არა სხვა პირების დაკავება, გამოძიების ინტერესებიდან გამომძინარე, შესაბამისი სამსახური არ აკონკრეტებს.

 

 


close დახურვა