პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. გახარიამ მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა ანალოგიური შემთხვევების პრევენციისთვის შესაბამისი რეფორმები უნდა ჩაატარონ. გარდა ამისა, პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციაში შესაბამისი შეხვედრა გაიმართება.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში. ყველა უწყებამ მიიღო შესაბამისი დავალება, რომ ითანამშრომლოს სახელმწიფოს ინსპექტორის გამოძიებასთან. ასევე უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და კონკრეტული დავალებები უნდა გავცეთ შესაბამის უწყებებს. პირველ რიგში, შსს-მ უნდა იზურნოს მოზარდების დაკითხვების და ამ სივრცის შექმნის თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განათლების სამინისტრომ სხვა უწყებებთან ერთად უნდა უზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შემხებლო აქვს მოზარდებთან. ასევე იუსტიციის სამინისტორმ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე, მაშინ როდესაც მათ აქვთ შეხება სამართალდამცავ სისტემასთან. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, თუმცა ჩვენ შემდგომი ნაბიჯები უფრო სწრაფად უნდა გადავდგათ. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა ამ პრობლემატიკაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენელი. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, როცა ჩვენ კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები და ვფიქრობ, დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს, განათლების გაუმჯობესებისა და სისტემური რეფორმების მიმართულებით, რაც ეხებათ მოზარდებს, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები“, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის 17 დეკემბერს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
