logo
ENG



ხელისუფლებამ კალათბურთის მსოფლიო ფედერაციაც გადააგდო - თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან ერთად

24 დეკ 201923:55
3 წუთის საკითხავი
 
pk7euz6ivpabh5t.jpg

24 დეკემბრის გადაცემა მიშა მშვილდაძემ საქართველოს ხელისუფლების მიერ კიდევ ერთ "გადაგდებაზე" საუბრით დაიწყო. როგორც „თითქმის ყოველდღეს“ წამყვანი ამბობს, გაოცებულია, მაგრამ მთავრობამ კიდევ ერთხელ გადააგდო ვიღაც.

„საქართველოს ხელისუფლებამ კალათბურთის მსოფლიო ფედერაცია გადააგდო! მივყვეთ ქრონოლოგიურად: ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლები მიმდინარე წლის ივლისში, მიუნხენში დასახელდნენ. საქართველოს დელეგაციამ, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, საჭირო ხალხი დაარწმუნა, რომ ამ პატივს ვიმსახურებდით და თუკი მასპინძლის სტატუსს მივიღებდით, ახალ, თანამედროვე არენასაც ავაშენებდით. რა თქმა უნდა, ახალი სპორტის სასახლის მაკეტის ვიდეო-რგოლიც ჩავიტანეთ მიუნხენში: საბოლოოდ, გვენდნენ და 2021 ევრობასკეტის მასპინძლებად შეგვარჩიეს ჩვენ, გერმანია, იტალია და ჩეხეთი. დღეს, საქართველოს ხელისუფლებამ გამოგვიცხადა, რომ ახალი სპორტის სასახლე არ აშენდება. უნივერსიტეტის ქუჩაზე, პატარა ოლიმპიური სასახლე რომ გვაქვს, მაგას გადავაკეთებთ ისე, რომ 10 000 კაცი დაეტევაო. შეგახსენებთ, აღნიშნული დარბაზი ძირითადად სასაფლაოებით არის გარშემოტყმული და მანდ უნდა მივიღოთ სპორტსმენები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან“, - განაცხადა გადაცემის წამყვანმა. 

გადაცემის წამყვანი შეეხო ტროლების სკანდალსაც და ის ევრობასკეტის ჭრილში განიხილა.
„ქართულ ოცნებას ახლა ბოტებისა და ტროლების მცირე კრიზისი აქვს, გაუჭირდება ამ სკანდალის გაპრავება. სანამ ახალ ფეიჯებსა და ანგარიშებს გააკეთებთ, მანამდე ჩვენ დაგეხმარებით: 
1) FIBA ევროპის პრეზიდენტი, თურგაი დემირელი სააკაშვილის ძმაკაცია და სპეციალურად მოგვცა ევრობასკეტის აქ ჩატარების უფლება, რადგან იცოდა ახალი არენის ფული არ გვქონდა! 
2) მამუკა ბახტაძე ნაცია! შეპირდა ფიბას მანეჟს ავაშენებო და გადადგა. არ გახსოვთ ეგ სააკაშვილს აფინანსებდა 2012-ში! 
3) კალათბურთის ფედერაციიდან ამბავი ნაცებს რო არ გამოეტანათ, ვერც ერთი ევროპელი კალათბურთელი ვერ მიხვდებოდა გადაკეთებულ დარბაზში თამაშობს თუ ახალ აშენებულში!
ისე, არ ყოფილა ადვილი. მეტიც, გაპრავების მოფიქრება რაღაცით მუსიკის მოფიქრებასაც ჰგავს“, - თქვა მიშა მშვილდაძემ.

გადაცემის წამყვანმა 24 დეკემბრის გადაცემაში ახალი რუბრიკა - „ჩვენი მოგონილი გადაგდებები“ წარუდგინა მაყურებელს.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, უკვე აღარ ვიცი, შესაძლებელია თუ არა ისეთი გადაგდების მოფიქრება, რომ ვინმე გააოცო. ამიტომ, ჩვენ მოვიფიქრეთ რუბრიკა „ჩვენი მოგონილი გადაგდებები". 1 მაინც თუ იქნება ისეთი, რომელზეც იტყვით „არა, ეგ გამორიცხულია მოხდეს", ე.ი. რუბრიკა შედგა", - ამბობს რუბრიკის წარდგენაში მიშა მშვილდაძე.

მონოლოგი გადაცემის წამყვანმა კიდევ ერთი რუბრიკით გააგრძელა - „არასწორი სათაურები“ - ამ რუბრიკაში წამყვანი ჟურნალისტებს მოუწოდებს მეტი პირდაპირობისკენ.

გადაცემის სტუმარი იყო ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი და ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი. მასთან ერთად მიშა მშილდაძემ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იუმორისტულად შეაჯამა.

გადაცემა კი დასრულდა რუბრიკით „კარგი ამბები კრიმინალური ამბებიდან“.

„კალაშოვმა ქართველი კანონიერი ქურდები შეარიგა. დიახ მეგობრებო, დღეს, ეს არის ერთადერთი პოზიტიური ნიუსი ქვეყანაში“, - განაცხადა გადაცემის წამყვანმა.


close დახურვა