17 არასამთავრობო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებით გამოწვეული დაძაბული მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებაა.
როგორც არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილება არსებულ ვითარებას განმუხტავს და ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის უკიდურეს ზომამდე გამწვავებას თავიდან ააცილებს.
NGO-ები ფიქრობენ, რომ "პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ამ დაძაბულ ვითარებაშიც შესაძლებელია გამოსავლის პოვნა".
"18 თებერვალს დილით განვითარებულმა მოვლენებმა და პოლიციის ქმედებებმა ცხადჰყო, რომ ხელისუფლება ნიკა მელიას დაკავებას საპოლიციო ძალის გამოყენებით აპირებს. ხელისუფლების ნაბიჯები ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას და კიდევ უფრო აღრმავებს დემოკრატიის კრიზისს ქვეყანაში. კრიზისის სიმძაფრეზე მიუთითებს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება და მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. შექმნილი მდგომარეობის განმუხტვის უპირველესი ვალდებულება მმართველ პოლიტიკურ ძალას და იმ ინსტიტუტებს აკისრიათ, რომლებიც მიმდინარე მოვლენებში უშუალოდ არიან ჩართული", - აცხადებენ NGO-ები.
არასამთავრობოები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ არ დაიწყოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე, სანამ დაცვის მხარე კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას არ გამოიყენებს.
ისინი მიიჩნევენ, რომ არსებულ ვითარებაში აღნიშნული ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება და ამ პროცესის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TI Georgia; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI; ღია საზოგადოების ფონდი - OSGF; საზოგადოება და ბანკები; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი; ცენტრი ემპათია; საფარი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; მწვანე ალტერნატივა; მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის - WEG; საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS; ლიბერალური აკადემია თბილისი; საქართველოს გაეროს ასოციაცია; მედიის განვითარების ფონდი.
ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით გუშინ, 17 თებერვალს შეუცვალა. მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც ღამე გაათენა. დღეს დილით ოფისში მელიასთვის განჩინების ჩაბარებისა და მისი დაკავების მიზნით პოლიცია მივიდა, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დღეს, 18 თებერვალს დატოვა. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. გახარია ამბობს, რომ ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.