logo
ENG



18 აგვისტოს ღამეს მინსკში რამდენიმე საათით რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი ჩაფრინდა

19 აგვ 202014:45
3 წუთის საკითხავი
 
wg4y3e0opxixtar.jpg

Reuters-ის ინფორმაციით, 18 აგვისტოს, ღამის საათებში, ბელარუსში რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი ჩაფრინდა, 19 აგვისტოს დილის საათებში კი მოსკოვში დაბრუნდა. ფრენა მონაცემთა ბაზაშიც არის აღრიცხული. 

ამ დრომდე უცნობია, რომელი ხელისუფალი, ან თანამდებობის პირი იმყოფებოდა ამ ვიზიტისას თვითმფრინავში.

სამთავრობო თვითმფრინავის Tupolev Tu-24-ის მინსკში ვიზიტი განსაკუთრებით აღსანიშნავია ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე. ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქუჩაში დემონსტრაციები არ წყდება. მიუხედავად რეპრესიებისა, დემონსტრანტები პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. 

მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ქვეყნების უმეტესობა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პუტინმა ჯერ კიდევ 10 აგვისტოს, არჩევნების მეორე დღეს, მიულოცა ლუკაშენკოს ხელახალი გაპრეზიდენტება.

ევროკავშირის, ბრიტანეთის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მკვეთრად კრიტიკული განცხადებების შემდეგ კი პუტინმა დემოკრატიულ სამყაროს მიმართა, რომ ბელარუსის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს. 

ასევე აღსანიშნავია, რომ მასშტაბური დემონსტრაციების დაწყებისთანავე, პუტინმა ლუკაშენკოს საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარება აღუთქვა.

 

 


close დახურვა