logo
ENG



ბრიტანეთი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მაღალჩინოსნებს სანქციებით ემუქრება

17 აგვ 202012:31
3 წუთის საკითხავი
 

ბრიტანეთი ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. განცხადებას ბრიტანეთის საგარეო მდივანი დომინიკ რააბი ავრცელებს. 

"მსოფლიო შეშფოთებული აკვირდებოდა შემზარავ ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის მიმართ, რომელიც თაღლითურ საპრეზიდენტო არჩევნებს მოყვა. ბრიტანეთი არ ცნობს ამ შედეგებს", - ნათქვამია რააბის განცხადებაში. 

ბრიტანეთი ეუთოს მხრიდან გაყალბებისა და რეპრესიების შემთხვევების დამოუკიდებელი გამოძიების აუცილებლობას უსვამს ხაზს და პასუხისმგებელ ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციებით ემუქრება. 

"ბრიტანეთი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით სანქციებს დაუწესებს პასუხისმგებელ პირებს და ბელარუსი მაღალჩინოსნების ანგარიშვალდებულების საკითხს დააყენებს", - წერია რააბის განცხადებაში. 

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.

ევროკავშირი ოფიციალური მინსკის წინააღმდეგ უახლოეს კვირებში სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადებს. ორგანიზაცია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და გამჭვირვალე.

 


close დახურვა