logo
ENG



პეტრიაშვილი კონგრესმენების კრიტიკაზე: შევარდნაძის დროსაც არ მახსოვს ასეთი სიმკაცრის წერილები

22 იან 202017:24
3 წუთის საკითხავი
clock 2123

ამერიკის მხარდამჭერი აქტის დამტკიცება საფრთხის ქვეშაა, - ამის შესახებ ქართველი პოლიტოლოგები საუბრობენ. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შეერთებული შტატების კონგრესში წარდგენილი დოკუმენტის დამტკიცების პროცედურა შეჩერდეს.

ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ კონგრესმენების წერილი „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო გაფრთხილება იყოს.

როგორც ექსპერტი ბუკა პეტრიაშვილი აცხადებს, მსგავსი ინტენსივობის კრიტიკა, საქართველოს არცერთი ხელისუფლების მისამართით ახსოვს.

„ორიათასიან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატების საქართველოს საელჩოში ვმუშაობდი, როდესაც ძალიან სერიოზული წნეხი იყო ედუარდ შევარდანაძის მთავრობაზე. მთელი გულწრფელობით მინდა გითხრათ, რომ მაშინ არ მახსოვს  წერილები ამერიკელი კანონმდებლებისგან, კონგრესმენებისგან, სენატორებისგან ასეთი ინტენსივობის და ასეთი სიმკაცრის. ისევე როგორც ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან. ძალიან საგანგაშო სიგნალია“, - აცხადებს პეტრიაშვილი.

ექსპერტ თენგიზ ფხალაძეს მიაჩნია, რომ  კონგრესმენები საქართველოს დახმარების სურვილიდან გამომდინარე საუბრობენ.

„ეს ხალხი ლაპარაკობს მხოლოდ იმ სურვილით, რომ დაეხმაროს საქართველოს გახდეს უფრო ძლიერი, დემოკრატიული, განვითარებული და წარმატებული. შესაბამისად, ჩვენი მეგობრებისთვის უფრო ადვილი იქნება დახმარება, მაშინ როდესაც ვითვალისწინებთ ამ რეკომენდაციებს და ვამტკიცებთ, რომ იმ პრინციპებისა და ღირებულებების  ერთგულები ვართ, რომლითაც ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველო. ვერ ვიტყვი, რომ ვხედავ ისეთ ქმედებებს, რომელიც ასეთ ფონზე უნდა განხორციელდეს“, - აცხადებს ფხალაძე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კიდევ ერთი წერილი გაუგზავნეს. ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა საქართველოს გაგზავნილ წერილში პოლიტიკური მოტივით დევნითა და ეკონომიკის ვარდნის ტენდენციით, შეშფოთება გამოთქვეს. 


close დახურვა