იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლოს დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი აირჩიეს. ინსპექტორის თანამდებობაზე 8 კანდიდატი განიხილებოდა, თუმცა არცერთი მათგანის ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, რის გამოც არასამთავრობოები პროცესის გაუმჭვირვალობაზე საუბრობენ.
იუსტიციის საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აცხადებენ, რომ ზურაბ აზნაურაშვილი უშუალოდ მიხეილ ჩინჩალაძის გარემოცვაა და ამ გადაწყვეტილებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მისი ნდობით აღჭურვილი პირი დანიშნა.
„ეს ადამიანი დიდი ხანია ცდილობდა და უნდა, რომ მყარად დაიმკვიდროს ადგილი. როგორც ჩანს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა არის ჩინჩალაძის საჩუქარი ზურაბ აზნაურაშვილისთვის. ალბათ ახლობლობისთვის, კავშირებისთვის და იმ ურთიერთობისთვის რაც აკავშირებს თამარ ონიანთან. ის არის თამარ ონიანის მაზლი. ონიანი ამბობს, რომ ყოფილი მაზლია მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ალბათ ამიტომ არის, რომ ეს ბოლო დღეებია ონიანი საერთოდ არ ესწრება სხდომებს და ამით ცდილობს, რომ გაანეიტრალოს კავშირები, რომელიც მას ამ ადამიანთან გააჩნია. არ ვიცი რა დამსახურებისთვის გახდა ეს ადამიანი დამოუკიდებელი ინსპექტორი რადგან მას გასაუბრებაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დროს თავი არ გამოუჩენია, პირიქით უამრავი სასაცილო პასუხები იძებნება მედიაში,“ - განაცხადა იუსტიციის არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით სასამართლოს შენობაში ჩიტი და ჭიანჭველაც ვერ შევა თუ მას რაიმე კავშირები არ აქვს. მისივე განცხადებით ასე მოხდა ზურაბ აზნაურაშვილის შემთხვევაშიც. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თამარ ონიანის ყოფილი მაზლია.
„ჩიტიც და ჭიანწველაც ვერ შევა ამ შენობაში და ამ სტრუქტურაში, რასაც სასამართლო ჰქვია გარედან. ზურა აზნაურაშვილი ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებოდა იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთ წევრთან. ის დაახლოებული პირია ამ შემადგენლობასთან. დიდი სკანდალის შესაბამისად, რომელიც უზენაესში გასაუბრებების დროს იყო ის, როგორც ჩანს ამოვარდა უზენაეს სასამართლოში დაწინაურებიდან, თუმცა მაინც წახალისებულია. ის არის ახლო, ერთგული წევრი მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანისა და სანდო ქართული ოცნებისთვის,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.