სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე, კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში - ამ გადაუჭრელი პრობლემების გამო, საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით 2 ქულით ჩამოქვეითდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 180 ქვეყანას შორის საქართველოს მდგომარეობა, წინა წელთან შედარებით, გაუარესდა და ახლა 44-ე ადგილზეა.
საქართველოს პროგრესით წინ უსწრებს აზერბაიჯანი და სომხეთი. „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ ამბობენ, რომ კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს გაუარესებული შედეგი ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციის მანიშნებელია. პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო, საქართველო საერთაშორისო რეპუტაციის გარდა, კონკრეტულ ეკონომიკურ სარგებელს და ინვესტორებს კარგავს.
დიდი ხანია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების შექმნას ითხოვენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. მათ მიაჩნიათ, რომ უწყება ანგარიშვალდებული პარლამენტთან უნდა იყოს. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ინვესტორები და საერთაშორისო დონორები გადაწყვეტილების მიღებამდე სწორედ კორუფციის მაჩვენებელს ითვალისწინებენ.
ოპოზიცია კი ხელისუფლებას ელიტურ კორუფციაში ადანაშაულებს. პრობლემის გადაჭრის გზად მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევენ. მმართველი გუნდი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეყრდნობა და საკუთარი მუშაობით კმაყოფილია.
შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს 100 შესაძლოდან 56 ქულა აქვს და 180ც ქვეყნას შორის 44-ე ადგილს იკავებს. წინა წლის ინდექსის მონაცემებთან შედარებით საქართველოს წლევანდელი მონაცემები გაუარესებულია. 2018 წლის ინდექსში საქართველო 58ე ადგილს იკავებდა.