
28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს, განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიღება წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა, კანონის მიღებამ ვერ უზრუნველყო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მასშტაბური დარღვევის პრევენცია.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ 2019 წლის 28 იანვარს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დღემდე არაა ცნობილი კადრების გავრცელების ორგანიზატორის ვინაობა, ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური ფიგურის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დროში დაემთხვა პოლიტიკოსი ქალის დაპირისპირებას გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფთან.
„სანამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ან გავრცელების მუქარა რჩება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ხერხად, რომლის ორგანიზატორებსაც კანონის წინაშე პასუხი არ უგიათ, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, შეუძლებელია საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაცულად ჩაითვალოს“,-ნათქვამია განცხადებაში.