logo
ENG



19 დაზარალებულის უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით 9 ადამიანს ბრალდება წარედგინა

29 დეკ 202311:43
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 9 პირს ბრალდება წარედგინა. კერძოდ, უწყებაში ამბობენ, რომ წინასწარი შეთანხმებული ჯგუფი 19 დაზარალებულის 15 უძრავ ქონებას დაეუფლა მოტყუებით.

"პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი მინდობილობები, რომლებიც ბრალდებულებს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეების წარმომადგენლებს, ანიჭებდა უფლებას ნებისმიერი სახით განეკარგათ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი თბილისსა და ბათუმში მდებარე უძრავი ქონებები.

აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 19 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 2435,05 კვ.მ ფართის 15 უძრავ ქონებას, რამაც 3 248 375 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

ქონების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულებმა მოტყუებით დაუფლებული უძრავი ქონებები ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე მათ ნაცნობ პირებზე გააფორმეს, შემდეგ კი მათი რეალიზაცია მოახდინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ 727 455 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება გამოიწვია" - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, შუამდგომლობის საფუძველზე 6 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, საიდანაც 5 პირის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ხოლო 3 ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო.

"გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით", - აცხადებენ პროკურატურაში. 


close დახურვა